
ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება, შემდგომ მთელი პროცესის ბოიკოტირება და, მათ შორის, 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტირება, ეს იყო შეცდომა ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შესაბამისად, გავაანალიზეთ რა მთელი ერთი წლის განმავლობაში არსებული პროცესი, დავინახეთ: მაშინ როდესაც ველოდით, რომ „ოცნების“ რეჟიმი შესუსტდებოდა, პირიქით, ის გაძლიერდა. ვხედავთ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ „ოცნების“ მიერ შექმნილი დღის წესრიგის პირობებში. მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნიდა ის, რომ ბოიკოტი არსებობდა“, – განაცხადა ხვედელიანმა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობა“ იყო პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ.
„გამოჩნდა და, ფაქტობრივად, ჩვენ ვნახეთ, რომ პასუხისმგებელიც კი არავინ აღმოჩნდა ამ ყველაფერზე, მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ამის შემდეგ და, ფაქტობრივად, მიიტაცეს 4 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. აქედან გამომდინარე, მთელმა ამ პროცესმა და, საბოლოო ჯამში, 4 ოქტომბერმა განაპირობა ის, რომ ჩვენ აღარ ვფიქრობთ, რომ ილუზიებში უნდა დავრჩენილიყავით და გაგვეგრძელებინა ეს მართლა უშედეგო ბრძოლა, რადგან ეს იყო შეცდომაში შეყვანა. მთავარი აქ იყო ის, რომ ჩვენ, ყველამ, დავტოვეთ მოსახლეობა პირისპირ „ოცნების“ რეჟიმთან, ჩვენ გავაქრეთ პარლამენტში განსხვავებული აზრი ამ გადაწყვეტილებით და, შესაბამისად, გამოვედით პოლიტიკური ბოიკოტის მდგომარეობიდან და შევედით პარლამენტში. ჩვენ გვსურს, ამ ჟესტით დავაბრუნოთ განსხვავებული აზრი პარლამენტში, შესაბამისად, ვიყოთ ქართველი ხალხის და ჩვენი მოქალაქეების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში და ვიბრძოლოთ, რომ დავანახოთ „ოცნების“ მთავარი ნაკლოვანება“, – განაცხადა ხვედელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იყო მათი პარტიის ასაკრძალი პარტიების სიიდან ამოღების მიზეზი, ხვედელიანმა განაცხადა, რომ, ზოგადად, კრიტერიუმები ბუნდოვანია, რომელთა მიხედვითაც პარტიების შეფასდა.
„რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებზე და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დააზიანა საერთო მიზანი და საერთო შედეგი“, – განაცხადა ხვედელიანმა.
შეკითხვაზე, ვის უცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სოლიდარობას, როდესაც სოლიდარობაზე საუბრობს, მხოლოდ „ლელოს“ და „ახალს“, თუ სამივე პარტიას, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები მოხვდნენ ასაკრძალთა სიაში, არის მათი არჩევანი.
„ძალიან სამწუხაროა და ბუნდოვანია ეს კრიტერიუმები, რომლითაც მოხვდა „ლელო“ ამ ასაკრძალთა სიაში. ეს ძალიან სამწუხაროა და ჩვენ თავის დროზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმაზე და ვეცადეთ, „ლელოსთვისაც“ აგვეხსნა ის, რომ არ იყო გადაწყვეტილება მართებული, ჩაეხსნათ მანდატები, თუმცა მათ ეს გააკეთეს. შესაბამისად, ახლა ძალიან სამწუხაროა და ბუნდოვანია ჩვენთვის, რატომ მოხვდა ასაკრძალთა სიაში. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განაყოფებს, რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია. შესაბამისად, რა მოხდა, თუ ჩვენ და ჩვენი პარტია ვფიქრობთ ჩვენი პარტიის გადარჩენაზე? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ინსტრუმენტი“, – განაცხადა ხვედელიანმა.