
შინაგან საქმეთა სამინისტრო იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ბოლო ცხრა თვის მონაცემებით შემცირებულია ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა.
"მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უმაღლეს ნიშნულს – 67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. თავად რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა კი 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით, დანაშაულების გამოვლენის ზრდისა და პოლიციის მხრიდან გააქტიურებული ბრძოლის პროპორციულად, მომატებულია მხოლოდ 2,26%-ით.
ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ინტენსიურ რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი და ჯამში გამოვლენილია 7 199 ფაქტი. ამასთან, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 660 ფაქტი გამოვლინდა.
75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები, ასევე, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების მიმართულებითაც.