
მერამდენე შემთხვევაა, როცა ევროპარლამენტი ევრონესტის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევით საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანის უპატივცემულობას განაგრძობს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ევრონესტის სესიებში არ მიიღონ მონაწილეობა, ვიდრე დიალოგისთვის შესაბამისი გარემო არ იქნება.
„არაერთხელ გავაფრთხილეთ და მოვუწოდეთ ევროპარლამენტარებს, ძირითად პრინციპებს დაბრუნებოდნენ, თუმცა ისინი კვლავ აგრძელებენ საქართველოს უპატივცემულობას, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიდრე დიალოგისთვის შესაბამისი გარემო არ იქნება, ჩვენ ამ სესიებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებთ. შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბებისა და ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ასამბლეას დავუბრუნდებით. გეტყვით, რომ მრავალმხრივი ასამბლეის მიღმა, ჩვენს მეზობლებთან და პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. რეზოლუციის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს“.