
უკვე რამდენიმე კვირაა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისთვის დაძაბული ბრძოლა მიდის. გასულ კვირას გავრცელდა ცნობები, რომ რუსულმა ნაწილებმა ქალაქში შეაღწიეს და იქ ფეხის მოკიდება მოახერხეს. ამის შემდეგ უკრაინის სარდლობამ ამ მიმართულებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმები გაგზავნა.
პრეზიდენტი, ზელენსკი აღიარებს, რომ ვითარება მართლაც მძიმეა. მისი ცნობით, ცოცხალი ძალის თანაფარდობა აქ 1/8-ზეა რუსების სასარგებლოდ. სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია პოკროვსკის რეგიონის მიმართულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ რუსებმა მისი აღება შეძლეს, უკვე ძალიან გაუმარტივდებათ დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დაკავება და უკრაინის სხვა რეგიონებსაც შეუქმნიან საფრთხეს.
„როიტერის" ცნობით, უკრაინელი სპეცრაზმელები პოკროვსკში კვირის დასაწყისში შეიყვანეს, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე კიევის ძალები ალყაში მოაქცია.
ამ ოპერაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მეთვალყურეობდა.
პოკროვსკი მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო კვანძია და მისი აღება რუსებს დონეცკში შემდგომი წინსვლის საშუალება მისცემს.
უკრაინული სარდლობის ცნობით, ქალაქის თავდაცვის ხაზის გარღვევა და ტერიტორიაზე შეღწევა სულ მცირე 200 რუსმა ჯარისკაცმა შეძლო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიც აღიარებს, რომ ამ მიმართულებაზე რთული ვითარებაა.
„პოკროვსკში სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. ეს ძალიან ბევრია. დღეს დილით ვესაუბრე მთავარსარდალს, პოკროვსკში ცვლილებები არ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ვახტანგ მაისაიას შეფასები, რუსებს პოკროვსკის მიმართულებით ბრძოლაში სამი მნიშვნელოვანი გეგმა აქვთ.
„პოკროვსკის აღება რუსებმა ჯერ კიდევ ორი თვის უკან დააანონეს და რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული არხები აცხადებდნენ, რომ რუსების ხელში იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ფაქტობრივად, ძალთა ბალანსი 50/50-ზეა.
„პოკროვსკი მაღლობზე მდგომი ქალაქია და კარგად არის დაცული. ორ მიმართულებას კეტავს პოკროვსკი - დონეცკისა და ზაპოროჟიეს მთავარი გრავიტაციული ცენტრის მიმართულებაზეა საუბარი - სლავიანსკი, კრამატორსკი და კონსტანტინოვკა. თუ ეს აგლომერაცია დაეცა, მაშინ რუსი ოკუპანტები დონეცკის რეგიონზე სრულ კონტროლს დაამყარებენ. მერე ეს ხელს შეუწყობს, რომ ლუგანსკის დანარჩენი 5%-ც დაიკავონ. ეს რეალურ საფრთხეს შეუქმნის ხარკოვის რეგიონსაც. ასევე, შესაძლებელია რუსებმა დნეპრის მიამრთულებაზეც მოახერხონ გაჭრა. ასე რომ, პოკროვსკი ერთგვარი გეოსტრატეგიული კვანძია.
„მეორეს მხრივ, პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინელებს ჰყავთ საკმაოდ სერიოზული დაჯგუფება. რუსებს გამოფიტვის სტრატეგია აქვთ და ახლა ცდილობენ სწორედ ამას, რომ უკრაინელებმა სარაზერვო ძალები ამ რეგიონში გადაისროლონ. გარდა ამისა, რუსები ცდილობენ, ერთი საარმიო კორპუსის ალყაში მოქცევას და შესაბამისად, ამ მსხვილი დაჯგუფების განადგურებას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".