
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზე, 1500-ზე მეტი მოქალაქის პროფესიული სწავლება დააფინანსა. სწავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, 41 სხვადასხვა კურსზე მიმდინარეობს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებასთან ერთად, მოქალაქეებს, სრულიად უფასოდ, სთავაზობს პროფესიულ განათლებას, როგორც ხანგრძლივ სწავლებას, ისე - მოკლევადიან პროგრამებს.
„დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აფინანსებს სწორედ მოკლევადიან კურსებს, რომელიც ყოველწლიურად, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეისწავლოს ახალი პროფესია და დასაქმდეს სწრაფად“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ამ მიმართულებით, 50-ზე მეტ კოლეჯთან თანამშრომლობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რეგიონებში - საჩხერე, ოზურგეთი, ქობულეთი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, გურჯაანი, გორი და ა.შ. სააგენტო მუშაობს, რომ გეოგრაფიული დაფარვა მაქსიმალურად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს კოლეჯების მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
გიორგი ცაგარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოკლევადიანი პროფესიული კურსების ფარგლებში, გასულ წელს, 3 000-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა.
დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრები წარმოდგენილია თბილისსა და 10 რეგიონში, ასევე - 16 მუნიციპალურ ერთეულში.