
ვინ და რისთვის იხდის ქონების გადასახადს - ამ საკითხებზე „დღის ქრონიკაში“ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, თინათინ გოგრიჭიანმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქონების გადასახადთან დაკავშირებით დღეს რა საკითხებიც განიხილება, ეს საკანონმდებლო სიახლეს არ წარმოადგენს.
„როგორც შარშან წარადგინეს და გადაიხადეს ქონების გადასახადი იმ პირებმა, ვისაც ეკუთვნოდათ ქონების გადასახადის გადახდა, ანალოგიური წესი და რეჟიმი ვრცელდება 2025 წელს წარსადგენ დეკლარაციებთან მიმართებითაც“, - აღნიშნა თინათინ გოგრიჭიანმა.
როგორც მან აღნიშნა, დაბეგვრის რეჟიმში გადასახადის ვალდებულება არ შეცვლილა.
„გადასახადის ვალდებულება არ შეცვლილა როგორც არც დასაბეგრი ქონება ან დასაბეგრი მიწის განმარტება არ შეცვლილა ან რაიმე სიახლე არ ყოფილა, ასევე არ შეცვლილა არც საშეღავათო ზღვარი და არც განაკვეთთან გვქონია რაიმე ცვლილება“, - აღნიშნა თინათინ გოგრიჭიანმა.
მისივე თქმით, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი არის დასაბეგრი ქონება და დასაბეგრი მიწა და არა ის შემოსავალი, რომელიც გასული წლის განმავლობაში პირმა მიიღო.
„გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმის დასათვლელად, ვჯდებით თუ არა შეღავათში, 40-ათას ლარიან ზღვარში. შესაბამისად, თუ 40-ათას ლარიან ზღვარში ჯდებით და გასული წლის განმავლობაში, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენ არ მიგიღიათ 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი, თქვენ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით გადასახადს არ გადაიხდით. გადაიხდით იმ შემთხვევაში, თუ დასაბეგრი მიწა არის თქვენს სახელზე რეგისტრირებული, ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწაა და თქვენ იყენებთ ამ მიწას და სარგებლობთ, ან გარდაცვლილის პირის სახელზეა და უკვე თქვენ იღებთ სარგებელს“, - აღნიშნა გოგრიჭიანმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 3 ნოემბერს იწურება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.