
როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა, გუშინწინ რაღაცებს რომ მეძახი და დღეს გაერთიანებაო, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანების მხრიდან პასუხისმგებლობას თუ დაინახავს, მაშინ შეიძლება, რამეზე ფიქრი.
„ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საკუთარ პასუხისმგებლობას უნდა გადახედოს, როდესაც ჩვენზე ლაპარაკობს. არსად წავსულვართ. შეხედეთ რასაც ლაპარაკობდნენ ჩვენზე სამი თვის განმავლობაში, სიტყვას ხომ არ აქვს მართლაც ჩალის ფასი. ძალიან კარგად მახსოვს, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები და მათი წამყვანი სპიკერები ამბობდნენ, თურმე ჩვენი პოლიტიკური ძალა არის გარიგებული. ამაზე ბოდიშს მოიხდიან? ჩვენ არავისზე გვითქვამს, რომ მოღალატეები არიან, სამი თვე თავს რომ გვესხმოდნენ უაზროდ. სად უნდა დავბრუნდე, წავედი სადმე? გაერთიანებას რომ მთავაზობს ადამიანი, რომელიც გუშინწინ ამბობდა სიცრუეს, თითქოს „ლელო“ გაჩუმებისთვის ვიღაცას ფულს სთავაზობდა. ეს იყო სიცრუე, არ დავასახელებ სახელს და გვარს. ჩვენ არ გვჩვევია ბუტიაობა, ეროვნულ ინტერესს მივყვებით, მაგრამ, გაერთიანებას რომ მთავაზობ, ჯერ ერთი რაში გაერთიანებას, ეს არ ვიცით, შინაარსი უნდა ვიცოდეთ, სად ვერთიანდებით. მაინტერესებს, ამ ქვეყანაში არ უნდა დადგეს დრო, როდესაც სიტყვას აქვს ფასი. მოსულა, რომ გუშინწინ მეძახი, „გაურიგდი“ და დღეს გაერთიანებაო? ჩვენი ორი ლიდერი ციხეში იჯდა, უმძიმეს კვირებს გავდიოდით, ვიბრძოდით და ვიღაცები რაღაცებს ყურში გვიჩიჩინებდნენ და ახლა ამ ადამიანებს უნდათ გავერთიანდეთ. მე ველოდები პასუხისმგებლობას, ადამიანებში პასუხისმგებლობას თუ დავინახავ, მაშინ შეიძლება, რამეზე ვიფიქრო. როგორ ვაკეთო საქმე ადამიანთან, რომელიც ჩემს მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცევა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.