რეზონანსი
02.11.2025

ევრონესტი ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მეზობელ ქვეყნებს ასწავლონ, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში - ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორია საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღოს.

ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო.

„ეს არ არის ერთგვარი კლასის დამრიგებლების გაერთიანება, რომ მეზობელ ქვეყნებს ასწავლონ, როგორ უნდა წარმართონ შიდა პოლიტიკა, რა სჭირდება, ამ შემთხვევაში, ქართველ ხალხს. ჩვენ გვყავს არჩეული ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა და ევრონესტის დელეგაცია ვერ მიუთითებს ქართველ ხალხს, რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს საკუთარი ქვეყნის განვითარება. ეს პლატფორმა არასდროს ყოფილა ამ მიზნით შექმნილი. არცერთ მის დოკუმენტში არ წერია, რომ ევრონესტი იმისთვის იყო შექმნილი, მეზობელ ქვეყნებთან ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან. სამწუხაროა, როგორც განვითარდა მუშაობა. ამ პლატფორმას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა აკლია. საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება არის სწორი. გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამშრომლობისთვის და ამ მიზანს აღარ ემსახურება, ვერ იქნება საინტერესო ჩვენთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა“.

დოკუმენტის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×