
ხვალ 4 ნოემბერია, ერთი თვე გავა მას შემდეგ, რაც საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთიდან მხარდაჭერილმა ადამიანებმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ერთი თვე გადის, როდესაც ევროკომისრები უარს ამბობენ დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი.
„ქართველ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ხვალ კომისარი კოსი დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის ორი მათგანი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს მოუკითხავს მათი ბედი და ჯანმრთელობა. ქართველი ხალხის მოლოდინი არის, რომ მანამ, სანამ საერთოდ რამეს იტყვიან საქართველოზე, პირველი რაც უნდა გააკეთონ, ეს არის დაგმობა და გამიჯვნა პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმისა.
4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას.
საქართველო ბეწვზე გადაურჩა არეულობას და არავინ არ იცის რა შედეგით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შსს-ს და სხვათა დროული რეაგირება ყველაფერზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ ძალადობის არ დაგმობა არის მოძალადეების მხარდაჭერა.
„ეს არის იმ მტრული რიტორიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ „ევრონესტზეც“ ვიხილეთ. ეს არის ერთი სამწუხარო პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება და საკუთარი პოლიტიკურ დღის წესრიგს თავს გვახვევენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სამწუხაროდ სულ უფრო მცირდება“, - დასძინა შალვა პაპუაშვილმა.