
სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ სახელმწიფო ადამიანს მისი სტატუსის, პროფესიის ან სხვა კუთვნილების გამო კი არ იჭერს, არამედ კანონის დარღვევის გამო. კანონის წინაშე ყველა ერთია/თანასწორია - ექიმი, სტუდენტი, მანდილოსანი თუ მოხუცი,- ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ოპოზიციის მხარდამჭერი აზა ჩილაჩავას დაკავების ფაქტს.
ჩიხელიძე ერთმანეთს ადარებს საქართველოსა და გერმანიაში მომხდარ დაკავების ფაქტებს და მას ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მისი თქმით, რაც გერმანიაში გერმანელებისთვის მისაღებია, ის საქართველოში მათთვის მიუღებელია. ჩიხელიძის განცხადებით, „დემოკრატია იქ იწყება, სადაც კანონი სელექციას - ადამიანების ასაკის, პროფესიის თუ სხვა სტატუსის გამო - არ ახდენს“.
„მოხუცს დაიჭერენ და აქციის მონაწილეები ამბობენ: „მოხუცის დაჭერა როგორ შეიძლება?“ ექიმს დააკავებენ - „ექიმის დაკავება არ შეიძლება!“ სტუდენტს დააკავებენ - „ბავშვია!“ მანდილოსანს დააკავებენ - „მას შვილი ჰყავს, უნდა გავათავისუფლოთ!“ მასწავლებელს დააკავებენ - „როგორ შეიძლება მასწავლებლის დაკავება?“ სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ სახელმწიფო ადამიანს მისი სტატუსის, პროფესიის ან სხვა კუთვნილების გამო კი არ იჭერს, არამედ კანონის დარღვევის გამო. კანონის წინაშე ყველა ერთია/თანასწორია - ექიმი, სტუდენტი, მანდილოსანი თუ მოხუცი. თუ სახელმწიფო იწყებს გამონაკლისების დაშვებას, მაშინ მართლწესრიგის იდეა იშლება, რადგან სამართალი ემყარება არა ემოციას, არამედ პრინციპს: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.
რა თქმა უნდა, ადამიანურად ქალბატონი აზას დაკავება არ მიხარია - შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს სხვისი ტკივილი ახარებდეს, მაგრამ კანონის წინაშე თანასწორობა სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად შეუძლია სახელმწიფოს ემოციების გარეშე დაიცვას სამართალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ საზოგადოების ისეთ ფორმას, სადაც სიმპათიები და პირადი დამოკიდებულებები ცვლის კანონის ძალას.
გერმანიაში 2021 და 2023 წლებში დააკავეს ორი ხანდაზმული ადამიანი - 97 და 98 წლის პირები, ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი იყო. გერმანიაში 98 წლის ადამიანის დაკავება დემოკრატიის მწვერვალად, ხოლო საქართველოში 71 წლის ადამიანის დაკავება დიქტატურის აპოთეოზად მიიჩნევა? ეს ორმაგი სტანდარტია, რომელიც გამიზნულად ან უნებლიედ აზიანებს სამართლებრივ ცნობიერებას და საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
დემოკრატია იქ იწყება, სადაც კანონი სელექციას - ადამიანების ასაკის, პროფესიის თუ სხვა სტატუსის გამო - არ ახდენს! სადაც კანონის წინაშე, ყველა თანასწორია“, - წერს დავით ჩიხელიძე.