
ანტიქართულ პოლიტიკურ ძალებს, რაც არ უნდა ნიღაბი მოირგონ, დასახული აქვთ, რომ საქართველოში სიღარიბით, არასტაბილურობით და დაპირისპირებით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ ხელისუფლების როგორმე მიტაცებისთვის ანდა საკუთარი არაჯანსაღი, მარგინალური დღის წესრიგის თავზე მოხვევისთვის. რეალობის დანახვა ფაქტებით და არგუმენტებით, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ნამდვილად არ უჭირს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, "ემაარ ჯგუფის" მიერ საქართველოში განსახორციელებელ ინვესტიციასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებულ უკმაყოფილებას.
მისი თქმით, მსგავსი რეაქცია მოსალოდნელი იყო "სტერეოტიპებით შეპყრობილი ცალკეული სუბბიექტებისა და ფსევდო პატრიოტებისაგან". აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ როგორც კი საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იწყება, ცალკეული პირები მაშინვე დეზინფორმაციით და მანიპულაციით ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
"ეს მოსალოდნელი იყო - EMAAR/Eagle Hills-ის მრავალმილიარდიან ინვესტიციას საქართველოში უპირისპირდებიან ფსევდოპატრიოტი ნაცმანქურთები და მითებითა და სტერეოტიპებით შეპყრობილი ცალკეული სუბიექტები.
როგორც კი ხდება ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წინ წაწევა, მყისიერად აფუთფუთდებიან მარგინალები და დეზინფორმაცია-მანიპულაციებით სურთ საზოგადოების დიდ შეცდომაში შეყვანა.
ანტიქართულ პოლიტიკურ ძალებს, რაც არ უნდა ნიღაბი მოირგონ, დასახული აქვთ, რომ საქართველოში სიღარიბით, არასტაბილურობით და დაპირისპირებით რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ ხელისუფლების როგორმე მიტაცებისთვის ანდა საკუთარი არაჯანსაღი, მარგინალური დღის წესრიგის თავზე მოხვევისთვის.
რეალობის დანახვა ფაქტებით და არგუმენტებით, საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ნამდვილად არ უჭირს.
უმსხვილესი Emaar ჯგუფი საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ ინვესტიციას, 6.5 მილიარდიან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და გონიოში საცხოვრებელი სახლები, ბიზნეს ცენტრები, მწვანე სივრცეები, სავაჭრო ცენტრები და უამრავი სხვა ინფრასტრუქტურა აშენდება.
ინვესტიციას, რომელიც საქართველოში ხორციელდება, არანაირი საფრთხე მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მეტიც, ის უდიდეს როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზაზე. ვეცდები ვუპასუხო რამდენიმე ბოროტ ზღაპარს:
პროექტს სრულად აფინანსებს ინვესტორი, ჩვენს სახელმწიფოს მის წინაშე არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული. კონტრაქტის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ კონკრეტულ ტერიტორიებზე ააშენოს თანამედროვე კომპლექსები საკუთარი ფინანსებით.
ინვესტორისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, სახელმწიფო გახდა პროექტის 33%-იანი წილის მფლობელი. ანუ კაპიტალდამბანდებელი დახარჯავს თანხას, განახორციელებს პროექტს, ხოლო მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 33% საქართველოს ხაზინაში ჩაირიცხება, რაც, ბუნებრივია, დამატებითი სარგებელია.
დიდი ტყუილია, რომ თითქოს აშენებული სახლებისა თუ ბიზნეს ცენტრების გარკვეული ნაწილი უცხოელებმა უნდა შეიძინონ. მსგავსი რამ კონტრაქტში არ წერია. მზა ინფრასტრუქტურას იყიდის ის, ვისაც ამის სურვილი ექნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ეკონომიკის წახალისებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, აქამდეც არ არის დაწესებული შეზღუდვები უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედებს ბინადრობის, საზღვრის კვეთის, მოქალაქეობისა და ქვეყანაში დაყოვნების კარგად გამართული და მკაცრი წესები. შესაბამისად, რამდენი სახლიც არ უნდა იყიდოს უცხოეთის მოქალაქემ საქართველოში, მის ნებისმიერ შემდგომ ქმედებას გააკონტროლებს შესაბამისი კანონმდებლობა.
უცხოელების საქართველოში დახარჯული ვალუტა ნიშნავს დატვირთვით მომუშავე სამასპინძლო სექტორს, სატრანსპორტო და სხვა მომიჯნავე სფეროებს და თანმდევ ბენეფიტებს მრავალი ოჯახისთვის.
აღნიშნული პროექტი არის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელება იმ უდიდესი ინვესტიციის, რასაც წლებია ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ახორციელებს. სწორედ ივანიშვილების ოჯახის დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში პირველად გაჩნდა მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, რომელმაც ერთგვარი ყინულმჭრელის როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკისათვის.
როდესაც ინვესტორებმა ნახეს, რომ ქვეყანაში არის სტაბილური გარემო, მშვიდობიანი განვითარების უწყვეტი კურსი და სავსებით შესაძლებელია, სრულიად უსაფრთხოდ განხორციელდეს უმაღლესი დონის პროექტები, თავადაც მიიღეს საქართველოში დიდძალი თანხის დახარჯვის გადაწყვეტილება.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ მისი ღირებულება იქნება შედარებით ძვირი, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტის შემთხვევაში, თუმცა აქ მნიშვნელოვანია მაღალშემოსავლიანი, მდიდარი კლიენტების მოზიდვა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო და მისი ეკონომიკა თვისებრივად გადადის განვითარების ახალ ეტაპზე - ხოლო მეორე მხრივ, რაც უფრო მეტი შეძლებული ადამიანი დახარჯავს საკუთარ რესურსებს ჩვენ ქვეყანაში, ეს ყველაფერი კიდევ უფრო განავითარებს ეკონომიკას, აწევს ხელფასს, გაზრდის სოციალურ პროექტებს.
ასევე დიდი ტყუილია, რომ პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოში უცხოელების ჩამოსახლება იგეგმება. უფრო მეტიც - 6.5 მილიარდიანი საინვესტიციო ბიუჯეტი კონტრაქტის პირობებით, მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დაიხარჯება.
ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო მასალები მხოლოდ და მხოლოდ ქართული ბიზნესებიდან იქნება შეძენილი. პროექტის მიმდინარეობისას, დასაქმდებიან მხოლოდ ადგილობრივი არქიტექტორები, დიზაინერები, მუშები, ხელოსნები, მძღოლები, მღებავები და ასე შემდეგ.
გავიხსენოთ ახლო წარსული, როცა ანტიქართულმა ელემენტებმა მსგავსი ბინძური კამპანია გააჩაღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩინური ინვესტიციით "ჰუალინგის“ ქალაქის მშენებლობამდე. რა, მოხდა ე.წ. "ჩინეთიზაცია"? ხსენებული პროექტით საქართველოს არაერთმა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ უძრავ ქონებას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, განუხრელად იცავენ კანონს ბინადრობის, საქართველოში დაყოვნებისა და ტურისტული ვიზიტების თაობაზე. თავიანთ დოვლათს კი საქართველოში ხარჯავენ, რაც თავის მხრივ ქართული ეკონომიკისთვის მხოლოდ დადებითია.
საბოლოოდ, EMAAR/Eagle Hills-ის $6.5 მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, საქართველოში გაჩნდება მეორე უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურული პროექტი. მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება ჩვენი თანამემამულეების, ბიზნესების ჩართულობა. ამით საქართველო ხდება მიზიდულობის ცენტრი, რომელიც საინტერესოა მსხვილი საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
ცნობისთვის,ზუსტად იგივე კომპანიამ უმსხვილესი ინვესტიციები განახორციელა კათოლიკური ხორვატიის სამ სხვადასხვა ქალაქში და დახარჯა $15 მილიარდზე მეტი. თუმცა, იქ არანაირი "არაბიზაცია“ არ მომხდარა. ამ პროექტებმა ხორვატიის კურორტებს და ზოგადად, ამ ქვეყანას მსოფლიოში გაუთქვა სახელი, გახადა ის ტურისტული და საინვესტიციო მიმართულების მიზიდულობის ცენტრი, რამაც ხორვატიის რიგითი მოქალაქის შემოსავალი გაზარდა." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.