რეზონანსი
03.11.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ტისას" მობილურ აპლიკაციაზე განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიების ბრძანება გასცა და არ გამორიცხა, რომ მონაცემების დამუშავებაში უკრაინული კვალიც არსებობდეს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა, კიბერშეტევას სკანდალი უწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარმა „უნგრეთის საზოგადოება შეძრა".

ვიქტორ ორბანის თქმით, მან ეროვნულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები შეკრიბა, მონაცემთა ბაზის ანალიზმა კი გამოავლინა, რომ მონაცემების დამუშავებაში, სავარაუდოდ, უკრაინელი პირებიც იყვნენ ჩართული.

უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მონაცემებზე უკრაინელების მიერ წვდომის სავარაუდო მოპოვება „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის შემქმნელია" და ფაქტის დაუყოვნებელი გამოძიების ბრძანებაც სწორედ ამით ახსნა.

ცნობისთვის, მანამდე უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ინტერნეტში „ტისასთან" დაკავშირებული მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც დაახლოებით 200 ათასი ადამიანის სახელებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს და სხვა ინფორმაციებს შეიცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა ინციდენტი მონაცემთა ქურდობად შეაფასა და იმ კიბერშეტევის შედეგი უწოდა, რომელსაც მისი პარტია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „ვიქტორ ორბანის მთავრობის ძალაუფლების შენარჩუნებით დაინტერესებული საერთაშორისო ქსელებისგან" განიცდიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×