რეზონანსი
04.11.2025

ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირში სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი - დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს, გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ ამ გაერთიანებაში მივისწრაფვით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ევრობიუროკრატები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ და „სანამ საქართველოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ, ურთიერთობები ამ რეჟიმში გაგრძელდება“.

„კონკრეტული ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, ფაქტები ვერ მოჰყავთ. მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაც აღქმებით. დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმაზე, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი. ეუთო/ოდირის ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო პოზიტიური. ევრობიუროკრატებს ეს ანგარიში არ აწყობდათ, შესაბამისად, აღარ ითვალისწინებდნენ. კარგად გახსოვთ, რა კამპანიას ეწეოდნენ ევრობიუროკრატები ეუთო/ოდირის ჩარეცხვასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ეს არის კორუმპირებული ორგანიზაცია, მოსყიდული ორგანიზაცია ჩვენ მიერ და ა.შ. რა თქმა უნდა, სანამ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ არ აღიარებენ ჩვენს არჩევნებს, სანამ არ სცემენ პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება. თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს, გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება რეალურად იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×