რეზონანსი
04.11.2025

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს მოსახლეობა ახალს არაფერს იხილავს ისეთს, რაც არ გაუგია გასული ერთი წლის განმავლობაში - ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილში ძველ ბრალდებებს კიდევ ერთხელ მოვისმენთ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ისურვებდა, ბრალდებების შეკრებისა და ერთ დოკუმენტად გამოცემის ნაცვლად, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე ბრიუსელის დამოკიდებულება მოესმინა.

„ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს მოსახლეობა ახალს არაფერს იხილავს ისეთს, რაც არ გაუგია გასული ერთი წლის განმავლობაში. ოთხ ნაწილად იქნება აწყობილი. პირველი იქნება პოლიტიკური ნაწილი, სადაც კიდევ ერთხელ ძველ ბრალდებებს მოვისმენთ. მეორე ნაწილი იქნება სექტორული მიმართულება, სადაც შეფასებული იქნება საქართველოს სექტორები. აქ ჩვენ მოლოდინებია, რომ ნახევარზე მეტში ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის პროგრესი. ასევე იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც შეაფასებს საქართველოს დამოკიდებულებას, როლს და ადგილს ამ რეგიონში. მეოთხე იქნება ეკონომიკური ნაწილი, სადაც ჩვენი მოლოდინია, რომ დადებითად შეფასდება საქართველოს გასული 1 წლის მდგომარეობა.

ჩვენ ვისურვებდით, იმის ნაცვლად, რომ ეს ბრალდებები შეეკრიბათ და ერთ დოკუმენტად გამოეცათ, მოგვესმინა ბრიუსელის დამოკიდებულება ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა მათი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. გასაგებია, რომ პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ ვერ ვთანხმდებით. არის საკითხები, რაზეც არ გვაქვს ერთნაირი შეფასება, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის მდგომარეობა და განვლილი გზები. საუკეთესო საზომი არის ეკონომიკა. თავად ამ ანგარიშშიც არის ასახული ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან კარგი პროგრესი. როგორ შეიძლება საქართველოს ჰქონდეს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ეკონომიკაში საუკეთესო მაჩვენებლები, თუ არის უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა, თუ იხშობა სამოქალაქო სივრცე, თუ იხშობა სივრცე ყოველგვარი საზოგადოებრივი განვითარებისთვის?! რანაირად ხდება?! კითხვა გვაქვს, რანაირად არის ასეთი რადიკალურად აცდენილი მაჩვენებლები?!," - განაცხადა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×