რეზონანსი
04.11.2025

მე ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით გავაკეთე პოლიტიკური და არა სისხლის სამართლებრივი შეფასება, სისხლის სამართლებრივი შეფასება არის ბრალდების და სასამართლოს საქმე და მისი ქმედება სათანადოდ შეფასდა სასამართლოს მიერ, რის გამოც სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩემი ამოცანა არ არის სისხლის სამართლის შეფასებების მიცემა, მე ვაძლევ პოლიტიკური შეფასებას და ტერორიზმი არის, ასევე, პოლიტიკური ტერმინი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მან ფაქტს მისცა პოლიტიკური შეფასება.

„თაღლითობა არის დანაშაული და თაღლითობა არის პოლიტიკური ტერმინი, ქურდობა არის დანაშაული და ქურდობა შეიძლება, იყოს პოლიტიკური ტერმინიც, ყველაფერს შეიძლება, ანალოგი მოეძებნოს სისხლის სამართლის დანაშაულის სახით, მაგრამ ასევე არის პოლიტიკური ტერმინი. ტერორიზმი, შიდა ტერორიზმი, ამას ხაზს ვუსვამ, შიდა ტერორიზმის მაგალითი თავად აჩვენა. ტერორიზმი ზოგადად, ეს არის პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის სურვილი და იდეოლოგია, შიდა ტერორიზმი კი გახლავთ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური მიზნების ძალადობით მიღწევის იდეოლოგია, რაც ჩვენ ვნახეთ და მათ შორის მისი ჩანაწერი არის, რომლითაც ის პირდაპირ ინსტრუქციებს ხსნის, თუ როგორ უნდა მოხდეს თავდასხმა სხვადასხვა გზებით პოლიციაზე, როგორ უნდა მოხდეს ბარიკადების აგება, „მოლოტოვის კოქტეილები", იქვე დაპირებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მძიმე რეცეპტებს მისცემს მოგვიანებით, ვისთანაც ის კონტაქტებს ამ ვიდეოს მეშვეობით. ამიტომ ტერორიზმი ეს არის პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკოსები არ საუბრობენ სამართლებრივ შეფასებაზე. მე მგონი, საკმარისად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც მას დაუდასტურდა და საკმარისად მძიმე მტკიცებულებები ვნახეთ მის მიმართ, ასე რომ, პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკური ტერმინი არის ტერორიზმი, ისევე როგორც, შეიძლება, იყოს სისხლის სამართლებრივი, როგორც თაღლითი, ქურდი ან სხვა ტერმინი, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს როგორც სისხლის სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური განზომილება. მე ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს და არა სამართლებრივს, ამაზე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს პარლამენტის პრეროგატივა არ არის და პოლიტიკურ შეფასებებს რაც შეეხება, აქ იმედია, ცენზურის დაწესების სურვილი არავის აქვს სასამართლოს გზით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×