რეზონანსი
04.11.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

ზურაბიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეჩერდება. მისი თქმით, რუსთაველზე შეკრებილები აპროტესტებენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, "იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის".

ზურაბიშვილის განცხადებით, ის, რაც ევროკავშირია ანგარიშში წერია, მხოლოდ "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა.

"ის, რაც დღეს ხდება, 2 წელია დაგეგმილია - როდესაც თავისუფლების მოედანზე ვზეიმობდით, როცა არ ამიშვეს სცენაზე, მაშინვე დაიწყო, დაწყებული იყო უკუსვლა, რომელიც დღეს აღნიშნა ევროკავშირმა. ეს არ არის უკუსვლა, ეს არის შეგნებული, განზრახ, თანამიმდევრულად გატეხა ამ გზის. გზის, რომელიც უფრო ჩქარად გაიხსნა, ვიდრე დაგეგმილი იყო. უკრაინის მოვლენები არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც აჩქარდა ევროპის გზა. ამ გზის გახლეჩა დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" თანმიმდევრულად. დღეს 2 წლის თავზე, "ქართულმა ოცნებამ" მიაღწია იმას, რომ ფაქტობრივად გაგვიყინეს კანდიდატის სტატუსი. უფრო სწორედ, "ქართულ ოცნებას" გაუყინეს. იმიტომ, რომ "ქართული ოცნებაა" პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა. ყველაფერი, რაც ანგარიშში წერია მხოლოდ "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. არანაირი პასუხისმგებლობა არ არის ევროკავშირის მხარეს, რომელმაც ყველაფერი სცადა. ცოტა ნამეტანი მოთმინება გამოიჩინა, უფრო მკაცრად უნდა მოეთხოვა ამ რეჟიმისგან იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არ შესრულდა. ჩვენი ევროპისკენ სვლის შეჩერება მოხდა განზრახ, მოსკოვის მითითებით. ეს არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის. რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ შეჩერდება. ეს არის ხალხი, ვინც აპროტესტებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეტვას, იმ გზის გადაკეტვას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. არავის აქვს უფლება ეს გზა გადაგვიკეტოს.

როდესაც ევროკავშირი ამბობს: "ჩვენი კარები ღია რჩება" - ამით რეჟიმს კი არ ესაუბრებიან, ჩვენ გვესაუბრებიან, აქ მდგომ ხალხს. გზა ღიაა. ჩვენზეა დამოკიდებულია ხალხზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული და ეს საზოგადოება ძალიან ძლიერია. "ქართულ ოცნებას" გაუკვირდა თუ რამდენად ძლიერია საზოგადოება, რამდენად შეუძლია სოლიდარობა და მხნეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა პარლამენტთან მყოფი მოშიმშილეებიც მოინახულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×