
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერ-რიადში სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს, ვალიდ ალორაინანს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმის დაარსებაზე, რომელიც ორივე ქვეყანას საინვესტიციო პოტენციალის უკეთ ათვისების შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნეს კავშირების გაფართოებაზე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა საუდის არაბეთში ყველაზე გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციის - სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ აბდულაზიზ საგერთან.
მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და კონფლიქტებზე.
კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებზე და მისი მოგვარების გზებზე. ყურადღება გამახვილდა სირიაში, იემენში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოეწყოს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია, სადაც განხილული იქნება სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხები.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა , სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე.