
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცას გააუქმებენ და მერე პოლიტიკური ცხოვრება კიდევ იქნება, ძალიან ცდება. ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ კრძალავენ, პოლიტიკას კრძალავენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მილიონამდე ქართველს პოლიტიკური აზრის ქონისა და გამოხატვის უფლებას უკრძალავენ და ეს ხალხი „წავა ქუჩაში, პროტესტში და წინააღმდეგობაში იქნება“.
„დღემდე დიდი მხარდაჭერა გვაქვს, თუმცა ერთი რაღაცის თქმა მინდა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცას გააუქმებენ და მერე პოლიტიკური ცხოვრება კიდევ იქნება, ძალიან ცდება. ამ ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ კრძალავენ, პოლიტიკას კრძალავენ. ამიტომაც თქვა პაპუაშვილმა, რომ თუ სხვა ვიღაც კიდევ შექმნის პარტიას, რომელსაც ასეთი მხარდაჭერა ექნება და „დიფ სთეითთან“ იქნება დაკავშირებული, იმასაც გააუქმებენ. ეს ხალხი ვიღაც პოლიტიკოსს, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრს, რომელიც შემორჩენილია, ან თუნდაც ირაკლი ფავლენიშვილს, ლევან სანიკიძეს ან ლაშა ფარულავას კი არ აუქმებს, არამედ აუქმებენ საქართველოს ასი ათასობით მოქალაქის პოლიტიკური აქტიურობის უფლებას. თვითონაც აღიარებენ, რომ მათი დათვლებით სადღაც 800 ათას კაცს უკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას, იმ ლოგიკით, რასაც თვითონ გვთავაზობენ, სხვა პარტიაც რომ დაფუძნდეს, ან სხვა პარტია გაძლიერდეს, რომელსაც ეს ხალხი მხარს დაუჭერს, იმასაც აკრძალავენ. მილიონამდე ქართველს უკრძალავენ პოლიტიკური აზრის ქონისა და გამოხატვის უფლებას. სად წავა ეს ხალხი? ქუჩაში, პროტესტში და წინააღმდეგობაში იქნება.
ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, როდესაც ზვიად გამსახურდიას და მის ხელისუფლებას ჰყავდა მხარდამჭერების მრავალრიცხოვანი არმია, აქციები დახვრიტეს, ლიდერები ციხეში ჩასვეს და ამ ადამიანებს ათი წლით პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალეს. იგივე რაღაცის გაკეთება უნდათ. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში მივიღეთ დიქტატურის ქრესტომათიიდან მაგალითი, ამიტომაც ვიძახი, რომ წინააღმდეგობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის 88 წევრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პოლიტიკური პარტიის („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“) პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენისა და აკრძალვის საკითხზე მიმართავს. სარჩელი სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა და მას პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე და მომხსენებელია ვასილ როინიშვილი. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.
საკონსტიტუციო სარჩელში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამასთან, სარჩელის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აღნიშნული არაკონსტიტუციური საქმიანობის მიზანი შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ამ პოლიტიკური პარტიის წესდებიდან ან მისი საჯარო განცხადებიდან, ისე მისი ქცევიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედებიდან.