
ევროკომისიამ სომხეთის ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა , - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამოქმედო გეგმა გადაადგილების თავისუფლებაზე მეტს წარმოადგენს. სომხეთის რეფორმები, ჩვენს საზღვრებს მიღმა, ევროკავშირის უსაფრთხოების გაძლიერებას ხელს უწყობს. განსაზღვრული და რეგულირებული გადაადგილება ლეგალურ მოგზაურობას მარტივს ხდის და არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას ხელს უწყობს“, - განაცხადა ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა.
ევროკომისიის განცხადებით, „ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების კონტექსტში, სამოქმედო გეგმა სრული ვიზალიბერალიზაციის მიღწევისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.
სამოქმედო გეგმა ტექნიკურ და პოლიტიკურ მოთხოვნებს მოიცავს, რომლებიც სომხეთმა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე უნდა დააკმაყოფილოს.
გეგმა რეფორმებს ისეთ ძირითად სფეროებში ითვალისწინებს, როგორიც არის სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და მიგრაციის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.
ევროკომისია სამოქმედო გეგმაში მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად სომხეთის პროგრესს ანგარიშების მეშვეობით რეგულარულად შეაფასებს.
ცნობისთვის, სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.