რეზონანსი
06.11.2025

რუსული მარცვლეულით დატვირთული 15-ვაგონიანი სარკინიგზო შემადგენლობა რუსეთიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა.

ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნა აზერბაიჯანის მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც რეგიონული კომუნიკაციის აღდგენასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მოემსახურება. მათივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი პრაქტიკული ნაბიჯი 8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის გზაზე, რაც ხელს უწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებული მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციას. სომხეთში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია ურთიერთნდობისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინ წასაწევად.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა, რომელიც საზღვარზე მდებარე სარკინიგზო სადგურზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ უახლოეს ხანში სომხეთში ასევე ჩავა მარცვლეული ყაზახეთიდან, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა.

ამასთან, რუსეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ იანვრამდე აზერბაიჯანის გავლით სომხეთში დაგეგმილია მარცვლეულით დატვირთული კიდევ 132 ვაგონის გაგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×