
გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო“,- ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
როგორც გვარამია წერს, „ოლიგარქია უნდა დაემხოს“.
„ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან, გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულად, ხელჩამოურთმევლად, არალეგიტიმურად, პოლიტიკურ კეთროვანად, ხოლო შინ საძულველად და გარიყულად, სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად.
ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო: დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიტა „ქოცები“ და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი!
ძვირფასო და საამაყო ოპოზიციურო, პროდასავლურო პარტიებო, თქვენმა სრულმა იგნორირებამ პარტიების გაუქმების ჯალათური ბოდვის მიმართ, ასევე თავმდაბალმა და რაციონალურად ერთადერთმა სწორმა დამოკიდებულებამ პროტესტის მიმართ, არ მისცა რეჟიმს შესაძლებლობა, უძრავ სამიზნედ გამოეყენებინეთ და თქვენი ფაქტორის პროპაგანდისტულ ექსპლუატაციის გზით გაენადგურებინა პროტესტი, რომლის "ლიდერი" დღემდე ვერ იპოვა ( იმიტომ, რომ არც ჰყავს) და ამის გამო მეპროტესტეების და პატრიოტული სიჯიუტის და გამბედაობის გამო დღემდე ვერაფერი დააკლო, არადა ყოველ დღე ახალ რეპრესიულ კანონს იღებს და ათობით სხვადასხვა თაობის ადამიანს უშვებს ციხეში!
მადლობა სამოქალაქო სექტორს, აკადემიას და რა თქმა უნდა, კრიტიკულ მედიებს!
ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! პ.ს. გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, „ქოცებო“,- წერს გვარამია.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.