
[ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება] არის იმის დასტური, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პროკურატურის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.
როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია, ეს არის ერთიანობა.
„დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა და სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის იმის დასტური, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ აკრძალული იქნება ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ასევე გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები უნივერსიტეტების სახით, გაუქმდება თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს ქვეყანას უქადის.
მეორე, რაც ნამდვილად აჩვენა დღევანდელმა ბრიფინგმა, არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია - ეს არის ჩვენი ერთიანობა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი განმარტებით, ადამიანებს ციხეში ტოვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ არ იყოს შესაძლებელი ფართო პოლიტიკური ერთობა რეჟიმის დამარცხების მიზნით.
„პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, რომელიც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საფრთხეა, დამატებით რამდენიმე წლით დარჩება უკანონო ტყვეობაში „ფეისბუქ“ პოსტების გამო. აი, ეს არის ის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა და ჩვენი ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუშინდება არაფერს და გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ ხელისუფლების ჩამოსაშორებლად.
„ვიბრძოლოთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვაქვს. „სანამ გვიანი არ არის“, როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძემ თქვა: „გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება“. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ამისთვის აუცილებელია ერთობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ დაიშურებს ძალისხმევას ამ ფართო პოლიტიკური ერთობისთვის“,-განაცხადა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.