
დამალული საიჯარო ხელშეკრულება და არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაცია - ამ მიზეზების გამო დააჯარიმა ანტიკორუფციულმა ბიურომ 3 თვიანი მოკვლევის შემდეგ, მამუკა ხაზარაძე. რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ მიმდინარე წლის 27 იანვრის დეკლარაცია შეისწავლა და დაადგინა, რომ "ლელოს" ლიდერმა საქართველოში გერმანიის ელჩზე სახლის გაქირავებით მიღებული შემოსავალი დამალა. ბიურო წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ ხაზარაძემ დამატებითი დრო ითხოვა, თუმცა არც საჭირო დოკუმენტაცია და არც უცხოურ ბანკებში არსებული ანგარიშების ამონაწერები წარუდგენია.
ანტიკორუფციულმა ბიურომ მოკვლევა 6 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც „კურიერმა" ხაზარაძის ოჯახსა და პეტერ ფიშერს შორის საიდუმლო გარიგების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა. მაშინ ხაზარაძეც და მისი პარტიაც ეკონომიკური სარგებლისგან მიღებული შემოსავლის დამალვის ფაქტს უარყოფდა, თუმცა დღეს "ლელოს" ლიდერიც და მისი თანაგუნდელებიც აღიარებენ, რომ ხაზარაძემ კანონი დაარღვია.
„ქართული ოცნება" კი დარწმუნებულია, რომ მამუკა ხაზარაძემ გერმანიის ელჩთან ფარული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად, პოლიტიკური გარიგების საფუძველზე დამალა. ამ ფონზე, მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ხაზარაძის ხარვეზებზე ღიად საუბრობენ მისი საარჩევნო პარტნიორებიც, თუმცა "ლელოს" ლიდერის პოლიტიკური აღსარებისა და კანონდარღვევის ფაქტზე გამოწერილი ჯარიმის შემდეგ, გახარიას გუნდი მის დაცვას ერიდება. „ნაციონალური მოძრაობისთვის" კი ხაზარაძის ქმედება მხოლოდ ფორმალური დარღვევის ჩარჩოში ჯდება.
ჯგუფური თაღლითობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებული ხაზარაძე, „ქართული ოცნების" შეფასებით, ახლა უკვე პოლიტიკურ თაღლითობაშია მხილებული. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ "ლელოს" ლიდერმა გერმანელ დიპლომატს საცხოვრებელი სახლი პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად მიაქირავა.
ხაზარაძის პოლიტიკურ მოტივაციასა და პეტერ ფიშერის არადიპლომატიურ ნაბიჯზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრი. ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გერმანიის ელჩის არაეთიკურ ნაბიჯზე რეაგირება ოფიციალურ ბერლინსაც უნდა ჰქონოდა.
ყავლაშვილის 14 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი პეტერ ფიშერმა მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან 2022 წელს იქირავა, მას შემდეგ, რაც "ლელოს" ლიდერი ქართულმა სასამართლომ ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ბინის გაქირავებამდე კი ხაზარაძემ უძრავი ქონება მეუღლეს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე იმავე წლის მარტში გადაუფორმა.