
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებულია მანანა გიორგობიანი და კიდევ 4 პირი, მათ შორის ჯაკო ჩარკვიანი.
"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა თბილისში, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.