რეზონანსი
07.11.2025

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აზერბაიჯანის მიერ სერბული თვითმავალი ჰაუბიცების მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ქართველიშვილის თქმით, როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება იმდენად აქტუალური აღარაა, რადგან მილიტარიზაცია გრძელდება - აზერბაიჯანს არც სომხეთი ჩამორჩება დიდად - ერევანი ინდოეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება და გარიგება სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის შესაძლებლობების მოდერნიზაციას, ასევე, ახალი თაობის Akash-NG საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს.

„სულ რაღაც 90 დღე გავიდა, რაც ვაშინგტონში დონალდ ტრამპმა „ისტორიულ ზავს“ მოაწერა ხელი ალიევსა და ფაშინიანს შორის, ხოლო მომდევნო დღეებში მან სომხეთი კამბოჯასთან, აზერბაიჯანი კი ალბანეთთან შეარიგა. ამის შემდეგ ნობელის პრემია სულ სხვა „მშვიდობისმყოფელს" გადაეცა და როგორც ჩანს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება იმდენად აქტუალური აღარაა, რადგან მილიტარიზაცია გრძელდება - მეზობელმა აზერბაიჯანმა სერბული Nora-B 52NG თვითმავალი ჰაუბიცები მიიღო.

ისინი ბაქოში 2024 წლის თებერვალში აზერბაიჯანსა და სერბულ კომპანია Yugoimport SDPR-ს შორის ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში შეიტანეს. კონტრაქტი 339 მილიონი დოლარის ღირებულების 48 ჰაუბიცას მიწოდებას ითვალისწინებს. Nora-B 52NG თანამედროვე თვითმავალი ბორბლიანი საარტილერიო სისტემაა, რომელიც მაღალი მობილურობით, სიზუსტითა და ძლიერი ცეცხლსასროლი ძალით ხასიათდება.

სომხეთი აზერბაიჯანს დიდად არ ჩამორჩება. ერევანი ინდოეთთან ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება. ინდური გამოცემა Republic World-ის ცნობით, გარიგება სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარაკეტო სისტემებისა და არტილერიის შესაძლებლობების მოდერნიზაციას, ასევე, ახალი თაობის Akash-NG საზენიტო სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დაგეგმილია Pinaka-ს მრავლობითი სარაკეტო სისტემების ახალი პარტიის შეძენა.

ინდოეთმა სომხეთს ადრე Akash-ის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა. Akash-NG არის უფრო ხანგრძლივი მოქმედების სისტემა, რომელიც გამოიყენება საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველ საფეხურად. ასევე, მუშავდება ერთობლივი წარმოების სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს BrahMos-ის კომპონენტების ლიცენზირებულად აწყობას სომხეთში. ინდოეთი 2022 წლიდან სომხეთის მთავარი იარაღის მიმწოდებელი გახდა. ბოლო წლებში ინდოეთმა მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, 155 მმ-იანი ჰაუბიცები, საარტილერიო სამაგრები, დრონების საწინააღმდეგო სისტემები და სხვა ტიპის იარაღი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×