
ეს ტელევიზია ყელში აქვს გაჩხერილი რაღაც ჯგუფებს, ყველა ვარიანტში ყელში აქვს გაჩხერილი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ, რომ ჩვენი გაცხადებული სტრატეგიაა, რომ ეს ხალხი უკან არ დაბრუნდეს და ამას ვასრულებთ ფანტასტიურად კარგად, - განაცხადა გადაცემაში „იმედის დღე“, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „იმედის“ მიმართ ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა, სხვა ძალებსაც ჰქონდეთ.
„ოპოზიციას და ოპოზიციასთან მიკედლებულ ხალხს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვყავართ ყელში გაჩხერილი, მაგრამ ასევე ვყავართ იმ ხალხს, რომელსაც შეიძლება, სხვა მიზნები ჰქონდეთ საქართველოს მიმართ.
მე მაგალითად, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გადაურჩა ძალიან დიდ საშიშროებას 2022 წელს, როცა მაშინდელი მსოფლიო ძალაუფლება, რომელიც მერე შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში მე მგონი, ამერიკაში შეიცვალა, ევროპაში ჯერჯერობით - არა, რადგან უკრაინა ომობდა, დიდი სიამოვნებით ნახავდა საქართველოსაც იგივე სიტუაციაში და ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა. მე ამას ვხვდები, მაშინაც ვხვდებოდი და უამრავი რამ დაიწერა მას მერე დასავლეთში.
ამ ცვლილებებს ბევრი რამ მოჰყვა - USAID ტყუილად კი არ აიკრძალა - მარტო აქ არ აკეთებდნენ, ბევრ რაღაცას აკეთებდა ის ორგანიზაცია და მათ ზევით მდგომი ორგანიზაციები. ასევე ჩვენმა მთავრობამ რაღაცები მოყვა. ასევე პირადი საუბრებიდან მე კიდევ ბევრი რაღაც ვიცი, რამხელა წნეხის ქვეშ იყო ჩვენი მთავრობა და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისივე თქმით, მაშინ „იმედი“ დადგა სწორ ადგილას.
„ჩვენს მთავრობასთან ერთად „იმედი“ იყო ერთ-ერთი დამცველი, საქართველოში სტაბილურობა შენარჩუნებულიყო და რა თქმა უნდა, ეს უამრავ ხალხს არ მოეწონა. და ბევრი, ვისაც „იმედი“ არ მოეწონა მაშინ, ახლაც დიდი ძალაუფლებისა და გავლენის მფლობელია და ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ თუ „იმედი“ არ იქნება, ალბათ უფრო კარგი სამყარო ექნება“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 18 წელი გავიდა. რამდენიმე ლოკაციაზე მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი ტელეკომპანია „იმედში" შეიჭრა.