რეზონანსი
08.11.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.

„ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იცოდნენ, რა პრობლემები იყო საქართველოში დემოკრატიის არარსებობის და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების კუთხით. თითქმის ყოველდღე მქონდა შეხვედრა, როგორც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, ისე სტუმრად ჩამოსულ დასავლელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან. ისინი ჩემთან ლაპარაკის დროს, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ არც იმას მალავდნენ, რომ მათ ამ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ თავიანთი მთავრობებისგან“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მაგალითად პენიტენციურ დაწესებულებაში, „ნაციონალური“ რეჟიმის დროს, უკლებლივ ყველა პატიმარი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, თუმცა ამაზე არცერთი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ხმამაღლა არ საუბრობდა.

„დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დასავლეთში ყოველდღიურად კეთდება ცილისმწამებლური, აბსოლუტურად ცრუ და არასწორი განცხადებები. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში კი ყველაფერი პირიქით იყო. თითქმის ყოველდღე მქონდა შეხვედრა, როგორც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, ისე სტუმრად ჩამოსულ დასავლელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან. ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით მყოფ სტუმრებს - საგარეო საქმეთა მინისტრებს, სხვადასხვა მისიებს - დღის წესრიგში აუცილებლად ჰქონდათ ჩანიშნული სახალხო დამცველის ოფისში მოსვლა. არა მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების დელეგაციები, როგორიცაა, ვთქვათ, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ეუთო და სხვა, არამედ ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასაც კი აუცილებლად ჰქონდა დღის წესრიგში სახალხო დამცველთან შეხვედრა. მათ იცოდნენ, რომ მაშინ, იმ პერიოდში, ეს იყო ის კუნძული, რომელიც უნდა გაეძლიერებინათ. უცხოელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რა პრობლემები იყო დემოკრატიის არარსებობის და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების კუთხით. როდესაც ამ საკითხებს განვიხილავდით, ვეკითხებოდი, თუ რატომ არ აკეთებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს. ისინი ჩემთან ლაპარაკის დროს, დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ არც იმას მალავდნენ, რომ მათ ამ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ თავიანთი მთავრობებისგან“, - განაცხადა სუბარმა.

„ცხადია, ყველა სფეროს ამ მოკლე დროში ვერ შევეხებით, მაგრამ საკმარისია რამდენიმე მიმართულებით გავაკეთოთ შედარება და ყველაფერი ნათელი გახდება: როდესაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ციხეში 6000 პატიმარი იყო, რამდენიმე წელიწადში კი პატიმრების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა და 24 500-ს გადააჭარბა. მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით. ყველა პატიმარი, გამონაკლისის გარეშე, იყო ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ავადმყოფი პატიმრების მკურნალობაზე საუბარიც არაა, არავის მკურნალობდნენ, მით უმეტეს მძიმე ავადმყოფი პატიმრის სამკურნალოდ გაყვანა სამოქალაქო სექტორში, რაც დღეს ყოველდღიური მოვლენაა, მაშინ წარმოუდგენელი იყო. დღეს, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ პატიმრების მიმართ მოპყრობის დონე და პირობები ციხეებში საშუალო ევროპულ დონეს არ ჩამოუვარდება. ამას თამამად ვამბობ, რადგან ჯერ სახალხო დამცველობის პერიოდში, შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს და მოგვიანებით, როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ექსპერტი, ევროპის და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ციხეში ვარ ნამყოფი და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაა იქ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×