რეზონანსი
08.11.2025

მილიონ-მილიონიანი გირაო - სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. დანარჩენი ბრალდებულების მიმართ კი, წინასასამართლო სხდომის თარიღად 25 დეკემბერი განისაზღვრა. 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა. მრავალტომიან საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებში აუდიო ჩანაწერებიც დევს.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში „ხალხის ძალა“ აცხადებენ, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურდა ის, რაზეც მმართველი გუნდი და თავად „ხალხის" ძალა“ უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ეკა სეფაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი, ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ვსაუბრობდით სწორედ იმაზე, რომ ამ ხალხის, ანუ ამ აგენტების საქმიანობა პირდაპირ იყო დაკავშირებული იმისკენ, რომ ქვეყნისათვის ზიანი მიეყენებინათ, დაესანქცირებინათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ახლა, როგორც თქვენი ეთერებიდან გახდა ცნობილი, ამის მტკიცებულებები არსებობს. რა თქმა უნდა, სისხლისსამართლებრივი დევნა წარიმართება უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის ის საქმე, რომელსაც მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით აკვირდება. ამ ჩანაწერებმა ასევე ცხადყო, რომ ის აქციები, რომლებიც მათივე მტკიცებით თითქოს იყო სპონტანური და თითქოს ხალხი გამოვიდა თავისით მასიურად, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული, საზღვარგარეთიდან მართული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი აქციები და არავითარი მშვიდობიანი პროტესტი ეს არ იყო. ეს მტკიცებულება, კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმისა, თუ როგორ მართავს ადგილობრივ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უცხოური ძალები“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი.

ცნობისთვის, საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ზურაბ ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას წარუდგინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×