
სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ევროკავშირის ამ წინადადებას არ დათანხმდება.
„სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობს გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის არცერთ იურიდიულ ან ფინანსურ სქემაში, თუ ეს თანხები უკრაინაში სამხედრო ხარჯებს მოხმარდება,“ – აღნიშნა რობერტ ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასაფინანსებლად გამოყენება ომს წააქეზებს და კონფლიქტს სულ მცირე, კიდევ ორი წლით გაახანგრძლივებს.
„ომის დასრულება გვსურს თუ მისი წაქეზება? ჩვენ ვაპირებთ, უკრაინას მივცეთ 140 მილიარდი ევრო ომის გასაგრძელებლად. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ომი, სულ მცირე, კიდევ ორი წელი გაგრძელდება“, – აცხადებს ფიცო.
ცნობისთვის, ევროკავშირი 140 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას უჭერს მხარს. ეს კი უკრაინის დახმარების მიზნით, რომელსაც 2026 წლის დასაწყისისთვის ახალი დაფინანსება დასჭირდება. გაყინული რუსული აქტივების ძირითადი ნაწილი ბელგიის ფინანსურ საცავში, Euroclear-შია შენახული.
გეგმის დამტკიცება სწორედ ბელგიის ყოყმანის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში რჩება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 2025 წლის დეკემბერში იქნება მიღებული. ბლოკი იმედოვნებს, რომ ბელგიასთან შეთანხმებას მიაღწევს.