
ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ალასკის სამიტზე ამერიკელებმა დაგვარწმუნეს, რომ მოახერხებდნენ იმას, რომ ზელენსკი მშვიდობის მიღწევას ხელს არ შეუშლიდა. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები წარმოიშვა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, დაარწმუნონ ვაშინგტონი, რომ უარი თქვას კრიზისის პოლიტიკურად და დიპლომატიურად მოგვარებაზე და რუსეთზე სამხედრო ზეწოლის მცდელობებში სრულად ჩაერთოს, ანუ „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს“, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მისი თქმით, „რუსეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივ საკითხებზე დიალოგი ისეთი ტემპით არ მიმდინარეობს, როგორიც სასურველია“.
„რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ბევრი „გამაღიზიანებელი ფაქტორია“, რომლებიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით გვერგო. მათ მოგვარებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება. ახალი ადმინისტრაციის მოსვლისთანავე ჩვენ დიალოგის განახლების მზადყოფნა ვიგრძენით. ეს მიმდინარეობს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც სასურველია“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.