
აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს, რომელიც მათ აზერბაიჯანთან და სომხეთთან დააკავშირებს. საუბარია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო მარშრუტზე, რომლითაც შუა აზიის ქვეყანები ე.წ. ზანგეზურის დერეფანს დაუკავშირდება. ვაშნგტონში შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერის დროს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფებოდა.
ე.წ. ზანგეზურის დერეფანი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალია, რომელიც საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის ტერიტორიაზე, ირანი-სომხეთი საზღვრის გასწვრივ გადის და აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს მის ანკლავ ნახიჭევანსა და შემდეგ თურქეთთან. მისი ამოქმედების შესახებ შეთანხმებას აგვისტოში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტისას მოეწერა ხელი და მას ოფიციალურად ახალი სახელიც მიენიჭა - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
გასულ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრის შედეგად მიღებული იქნა ერთობლივი განცხადება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
მასში აღნიშნულია, რომ აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყანა (მოხსენიებული როგორც „C5 პლუს 1 ქვეყნები“) შეთანხმდნენ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ განვითარებაზე. იგეგმება მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან („ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“), რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.
„(ვაპირებთ) მიწოდების ჯაჭვის დაკავშირებულობისა და სიმყარის გაძლიერებას ტრანსკასპიური სავაჭრო გზის (იგივე ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი) გაძლიერებითა და მისი „ტრამპის მარშრუტთან საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების, ინფორმაციისა და ენერგეტიკის მოძრაობის უსაფრთხოება „C5 პლუს 1“ ქვეყნებისა და მსოფლიოს სასარგებლოდ;
„(ვაპირებთ) ჰარმონიზებული, გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ მისწრაფების გაგრძელებას;
„(ვაპირებთ) „C5 პლუს 1“ ქვეყნებს შორის საავიაციო დაკავშირებულობის გაფართოებას, რათა ხელის შევუწყოთ უფრო დიდ კომერციულ და კულტურულ კავშირებს;
„(ვაპირებთ) კომერციული კავშირების გამყარებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერას საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტექნოლოგიების, მოპოვებისა, და სხვა დიდი ზრდის მქონე სექტორებში წვრთნას“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
პრემიერის განცხადება
ამ დოკუმენტის გაფორმების პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. მან ვრცელი ინტერვიუ მისცა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიას, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსკასპიური დერეფნის პერსპექტივებსა და ამ მარშრუტში საქართველოს როლზე ისაუბრა.
„ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების ერთგულნი ვრჩებით, საქართველო გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია...
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძლიერი როლი ვითამაშოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი.
„ასევე, ამ კონტექსტში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში ჩვენი მონაწილეობა ჩვენთვის ძალიან პერსპექტიულია. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ამისთვის დიდ ინვესტიციებს ვდებთ, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში.
„ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს ინფრასტრუქტურას. დიდ ინვესტიციებს ვდებთ მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. „შუა დერეფნის“ ინიციატივას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ შუა დერეფნის, ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების იდეის ერთგულნი ვრჩებით. საქართველო კი ჩვენს გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავალშიც შეუძლია ძალიან დადებითი როლი ითამაშოს თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეფასებები
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრა მიუთითებს, რომ დასავლეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორადაც აღარ განიხილავს.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკა ისეთია, რომ, როგორც ჩანს, დასავლეთი აღარც სავაჭრო პარტნიორადაც განგვიხილავს და აღარც იმ ქვეყნად, რომელიც კავკასიაში ძირითადი იყო. წესით საქართველო სატრანზიტო დერეფანი უნდა გამხდარიყო, თუმცა ფაქტია, საერთაშორისო თანამშრომლობაში ფრთხილად იგნორირებას გვიკეთებენ. ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სწორედ ამაზე მიანიშნებს ჩვენი არმიწვევა (ვაშინგტონში)“, - აღნიშნა ძაბირაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საქართველოს არმიწვევა ვაშინგტონში სრულიად ბუნებრივია, რადგანაც ეს იყო შეხვედრა შუა აზიის ქვეყნების ლიდერებთან. მისივე აზრით, ეს შეთანხმება და მოსალოდნელი ინვესტიციები საქართველოზე მხოლოდ დადებითად აისახება.
„საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მიერ შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება და ასევე იმას, რომ იმ ინვესტიციების ნაწილი, რასაც ამერიკა აპირებს განახორციელოს შუა აზიაში, ჩვენც შეგვეხება. გასაგებია, რომ როცა ასეთი ეკონონიკური ურთიერთობები ვითარდება აშშ-სა და შუა აზიის ქვეყნებს შორის და ამერიკა იქ უკვე სერიოზულად იკიდება ფეხს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ იქიდან წამოსული ენერგომატარებლებისა და სხვა პროდუქტების შეუფერხელბლად მიწოდება იქნება ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთზე გამავალი მარშრუტები დაკეტილია, საქართველო ერთ-ერთ მთავარ პუნქტად რჩება. ასე რომ, ვფიქრობ, თუ ეს აისახება ჩვენზე, მხოლოდ სასიკეთოდ.
„ეს იყო შეხვედრა შუა აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლებს შორის და რატომ უნდა მიეწვიათ იქ საქართველო?!“ - თქვა ანჯაფარიძემ.
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველო კარგავს სატრანზიტო ფუნქციას, ხელისუფლება კი ცდილობს საწინააღმდეგო დაამტკიცოს.
„კობახიძის განცხადება არის წინსწრები რეაქცია იმაზე, რომ იქნება საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ კრიტიკა. „ქართული ოცნება“ ძალიან ფრთხილობს, მისმა მომხრეებმა ეჭვი არ შეიტანონ, რომ სატრანზიტო დერეფნის გარეშე ვრჩებით. კობახიძე კი ფიქრობს, რომ ის საიმედო პარტნიორია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ასე აღარ ფიქრობენ. ამიტომაც იწყება სხვა მარშრუტების ძიება.
„მართალია, ზანგეზური ჯერჯერობით ვერ შეძლებს იმას, რომ სრულყოფილად ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, მაგრამ თუ გამოჩნდა, რომ საქართველო მთლიანად მოექცა რუსული გავლენის ქვეშ, მაშინ რად უნდათ ახალი დერეფნის მშენებლობა - რუსეთის გავლითაც ხომ შეიძლება, როგორც იყო საბჭოთა კავშირის დროს...
„საქართველო არც განიხილებოდა სატრანზიტო დერეფნად. შესაბამისად, თუ ჩათვალეს, რომ ჩვენ მთლიანად რუსული გავლენების ქვეშ ვართ, ჩვენდამი ინტერესი ბოლომდე გაქრება“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.
ზაალ ანჯაფარიძია აზრით, პრემიერმა დაადასტურა ის, რომ საქართველო ყველასთვის საიმედო პარტნიორია.
„პრემიერმა თქვა ის, რაც არის. საიმედო პარტნიორობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება მოქნილი იმ ინტერესების გათვალისწინებით, რაც იმ სახელმწიფოებს აქვთ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებს ატარებენ. ვგულისხმობ სატარიფო პოლიტიკას, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებასა და კიდევ სხვა დეტალებს, რომლებიც თან ახლავს ამ ყველაფერს.
„აქედან გამომდინარე, პირველი პირის დადასტურება, რომ საქართველო მზად არის საიმედო პარტნიორობისთვის, საკმაოდ ნორმალური განცხადებაა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან“.