თამთა ჩაჩანიძე
10.11.2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისში შეხვდა, როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიაექპსერტებს. დაგეგმილია შეხვედრა მმართველ პარტიასთან, სამშაბათს დელეგაცია შეხვდება, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

"ოცნების" დეპუტატის ლევან მახაშვილის თქმით, ასამბლეის დელეგაციის წევრებს კოლეგებთან ერთად თავადაც შეხვდება, მისი თქმით, ესაა მონიტორინგის კომიტეტი, ისინი სხვადასხვა მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან და საკუთარ მოსაზრებებს დებენ, რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ქმედება ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც პოზიტიურს არაფერს ელის.

"მაინცდამაინც პოზიტიურს არაფერს ველი იმიტომ, რომ "პასე" სიმართლეს და ფაქტებს იმდენაც დასცილდა, რაღაცა ერთბაშად რომ აღიაროს, რომ აი შეცდომა დავუშვით და თურმე სიმართლე სხვა ყოფილაო, ეს არ იქნება. მაშინ ხომ თავის წარმოდგენაში სახეს დაკარგავენ? მაგრამ შეხვედრებმა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენამ დადებითი შედეგი უნდა გამოიღოს.

"დადებითი შედეგი პირველ რიგში "პასე"-სთვის და მისი დემოკრატიისათვის, რადგან ორგანიზაციას არაფერი კარგი არ ელის, როდესაც უმრავლესობის დონეზე რეალობას სცილდება, აყალბებს ფაქტებს და თავის წევრ ქვეყანას ისეთ რაღაცეებს აბრალებს, რაც ნამდვილად ყოველგვარ რეალობასაა აცდენილი",- განაცხადა მამრაძემ.

კითხვაზე, ვიზიტის დასრულების შემდგომ თუ არის მოსალოდნელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკა, მამრაძემ გვითხრა:

"ნამდვილად მოსალოდნელია. ადვილი წარმოსადგენია რა შხამით შხამავენ ანტეროვნული ძალები (მათ ოპოზიციას არასოდეს არ ვეძახი) და რას ეუბნებიან. ჩემთვის უცხოელებს არაერთხელ უთქვამთ, ვინც ასეთი მისიებით ჩამოსულა, რომ აგერ იმ ორგანიზაციაში ვიყავით და გავიგეთ, რომ თურმე სასტიკად აწამებენ ციხეებში თქვენთან ადამიანებს, გავიგეთ, რომ სასტიკად სცემენ დაკავების დროს, მე ვეუბნები, რომ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი რეალობას აცდენილია, მაგრამ მე ვხედავ, რომ არ სჯერათ და არც უნდათ დაჯერება.

"მოსალოდნელია, რომ ასეთი დეზინფორმაციის ნაკადი იყოს რიტორიკის დონეზე ფაქტების გარეშე და დამუხტვა უცხოელებისა და დელეგაციის წევრებისა, რომ თურმე აქ სრული საშინელება ხდება, რომ ბელარუსი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები მონაგონია და ამას აკეთებენ ისინი, ვინც სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს ემსახურებოდა",- განაცხადა მამრაძემ.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მინიტორინგის მისია თავის რეკომენდაციებს მოამზადებს, სადაც შეიძლება ახსენონ, რომ საქართველოს ევროპის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერდეს.

"ევროპის საბჭომ ვადა რომ მოგვცა, რომ არჩევნები უნდა ჩაგვეტარებინა, რაღაც უნდა გამოგვესწორებინა, კანონები უნდა გაგვეუქმებინა და ა.შ. თუ საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის დელეგაციაა, ეს არის მაგისთვის. ანუ ანგარიში უნდა დაწერონ, რის საფუძველზეც შეიძლება საქართველოს ხმა შეუჩერონ ევროპის საბჭოში.

"იყო ლაპარაკი, რომ მონიტორინგი უნდა ჩაატარონ, მართალია ეს უკვე ძალიან ფორმალურია და ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, რომ თავად ამათმა თქვეს უარი საპარლამენტო ასამბლეაში თამაშრომლობაზე.

სინამდვილეში, ევროპის საბჭო თავის პროცედურებს ასრულებს, რაზეც იყო მათი რეზოლუცია, რაც საქართველოს ავალდებულებდა, რომ არჩევნებისთვის მომზადებულიყვნენ და ანტიდემოკრატიული კანონები გაეუქმებინათ.

ახლა ევროპის საბჭო რა თქმა უნდა მონიტორინგის შედად თავის რეკომენდაციებს მოამზადებს და შეიძლება რეკომენდაციებში ახსენონ, რომ შეუჩერდეს საქართველოს ხმის უფლება ევროპის საბჭოში",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

რას აცხადებენ "ოცნებაში"

უმრავლესობის დეპუტატის ლევან მახაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციამ მკაფიო, არაორაზროვანი დასკვნა დადონ მათ შორის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით.

"PACE-ს დელეგაციის წევრებს ჩემს კოლეგებთან ერთად მეც შევხვდები. ეს არის მონიტორინგის კომიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით დებენ საკუთარ მოსაზრებებს - რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პოლიტიკური აქტორის ქმედება ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო, არაორაზროვანი დასკვნა დადონ მათ შორის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რადგან ეს ანგარიში არ მოიცავს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ამა თუ იმ ქმედებაზე, არამედ აქ საუბარია ყველა პოლიტიკურ აქტორზე თუ სახელმწიფო ინსტიტუტზე.

"ვნახავთ და შევაფასებთ ანგარიშსაც. თუ იქ მკაფიოდ არ იქნება ასახული, როგორ აფასებენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობას, ყველა სხვა ანგარიში ჩვენთვის იქნება მინიმუმ არაგულწრფელი და შეიძლება, უსამართლო.

თუ ობიექტური დამკვირვებელი ხარ, წინასწარ პოზიციებით ჩამოსვლა და ამის აფიშირება, ბუნებრივია, შენს ობიექტურობას თავიდან დიდი კითხვის ქვეშ აყენებს. თუმცა ჩვენ საუბარი გვექნება ყველა თემაზე რაც მათ აინტერესებთ და აუცილებლად შევეკითხებით რაც ჩვენ გვაინტერესებს.

"რამდენადაც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება, როგორც პარლამენტის ხელმძღვანელი. როგორც ვიცი, ასევე იგეგმება პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური შეხვედრები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×