
ხელი ჩამოვართვით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მიერ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებისგან უნგრეთის განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლების შესახებ. სანამ ის იქ პრეზიდენტია და მე აქ პრემიერ-მინისტრი, სანქციები არ იქნება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი მტკიცებით, რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების ათასი პროცენტით ზრდას გამოიწვევს.
„რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ძალაში შესვლა უნგრეთში შობამდე კომუნალური გადასახადების ორ-სამჯერ გაზრდას და ბენზინის ფასების ათასი პროცენტით ზრდას გამოიწვევდა. ეს ნამდვილი კატასტროფაა", - განაცხადა ორბანმა, მისი თქმით, ქვეყანამ ამ საფრთხის თავიდან აცილება მოახერხა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში პიროვნული და იდეოლოგიური ფაქტორები ასრულებს გადამწყვეტ როლს.
„თეთრმა სახლმა უარყო ვიქტორ ორბანის განცხადება, რომ შეერთებული შტატები მუდმივ გამონაკლისს უშვებს უნგრეთის მიმართ. ეს მხოლოდ ერთ წელზე მოქმედებს, ანუ უნგრეთს შეუძლია რუსული ნავთობის იმპორტი ერთი წლის განმავლობაში.
საერთო ჯამში, მე ასე მგონია, რომ ეს გამონაკლისები უკავშირდება პირად ურთიერთობებს, რადგან როგორც ვიცით, ორბანი ხშირად აქებს დონალდ ტრამპს. თან მოგეხსენებათ, ბევრი ევროპელი ლიდერი ტრამპის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი. მართალია ღიად არ გამოხატავენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასეა.
ორბანმა ტრამპის სუსტი წერტილი იცის, რომ მან დაასრულა ომები და ა.შ. ამიტომ სულ მლიქვნელობს ორბანი. ამას პლუს იდეოლოგიური მსგავსებაც არის, ორივე რაღაც მემარჯვენე რადიკალური იდეოლოგიური წარმომადგენლები არიან, თითქოს ოჯახურ სიწმინდეებზე საუბრობენ და ა.შ. სხვა რაღაც გეოპოლიტიკური გათვლები არა მგონია იყოს. ასე რომ, ვფიქრობ, პიროვნული და იდეოლოგიური ფაქტორები მოქმედებენ გადამწყვეტ როლს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".