რეზონანსი
10.11.2025

 პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარდგენილი ორი დოკუმენტი განიხილეს.

კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონფერენციის ბიუროს შესახებ" კონვენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, 2025 წლის 30 აგვისტოს ქალაქ ბერნში ხელი მოეწერა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) ბიუროს სადამფუძნებლო კონვენციას. ვინაიდან, აღნიშნული კონვენცია აფუძნებს ECAC-ის ბიუროს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციას, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ" კანონის თანახმად, კონვენცია საჭიროებს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას.

მისივე თქმით, სამოქალაქო ავიაციის ევროპული კონვენცია წარმოადგენს ევროპის სამოქალაქო ავიაციის კოორდინაციისა და მართვის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას. საქართველოსთვის კონვენციის ძალაში შესვლა განამტკიცებს ქვეყნის როლს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად სამოქალაქო ავიაციის სფეროში.

სხდომაზე ასევე განიხილეს რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" 2012 წლის 28 სექტემბერს ქალაქ ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ოქმი".

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით უქმდება ურთიერთშეთანხმების პროცედურის ამოწურვისთვის გათვალისწინებული სამწლიანი ვადა და 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ურთიერთშეთანხმების პროცედურების დასრულება.

კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×