
თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, სუპერმარკეტ „სპარში“ მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული მანჩო (მანანა) გიორგობიანი და მასთან ერთად დაკავებული ხუთი პირი 8 ნოემბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურორ გიორგი დოლაკიძის შუამდგომლობა, რომელმაც ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები დაასახელა. დაცვის მხარის მოთხოვნა - გირაოს გამოყენება 5-დან 20 ათას ლარამდე ოდენობით, არ დაკმაყოფილდა.
ამავე საქმეზე, სასამართლომ ცალკე იმსჯელა მანჩო გიორგობიანის აღკვეთის ღონისძიებაზე, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 2 ნოემბრის გვიან ღამით მომხდარ ინციდენტს, როდესაც „სპარის“ ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხუთი დაკავებული, მათ შორის, შოთა აფციაური, დაჩი კეკელია, ლევან გრძელიძე და დავით პეტრიაშვილი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის არიან დაკავებულები. რაც შეეხება ჯაკო ჩარკვიანს, ის ბრალდებულია, როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი, ძალადობის ორგანიზატორი იყო. მას შემდეგ, რაც გიორგობიანმა ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს დაუკავშიერდა, ჩარკვიანი თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და ორი თანამშრომელი, ძალის გამოყენებით, გარე ტერიტორიაზე გაიყვანა, სადაც მათ ჯგუფურად გაუსწორდნენ. მანჩო გიროგობიანსა და მაღაზიის კონსულტანტებს შორის კი დაპირისპირების მიზეზი ფულის დახურდავებაზე უარის თქმა გახდა.
for.ge