რეზონანსი
11.11.2025

მინდა, გამოვეხმაურო ევროკავშირის ელჩის წერილს, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს გაუგზავნა. ეს წერილი თავისი შინაარსით სკანდალურია და დასტურდება ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რაც ევროკავშირის მხრიდან ისედაც 5 თვით ადრე შეჩერებული იყო, ჩვენი მხრიდან ნოემბერში ფიზიკურად ვერ შეჩერდებოდა, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ ევროპული გაერთიანების მხრიდან საქართველოს ინტეგრაცია დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის 27 ივნისიდან, მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ ამის შესახებ განაცხადა.

„ახლა მაქვს კითხვა, ბატონო პაველ, რატომ შეიყვანეთ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და ქუჩაში რატომ გამოიყვანეთ? სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ნაწილი მითების გავრცელების პლატფორმად იქცა, მაგრამ ეს არ არის პირველი მითი. გვიმტკიცებდნენ სააკაშვილი ცუდად არისო და ეს მითი სტრასბურგის სასამართლომ ჩამოშალა. გვარწმუნებდნენ მეორე ფრონტის თქვენგან გახსნა არავის არ მოუთხოვიაო, მაშინ როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები სხვადასხვა ქვეყნიდან ამას პირდაპირ ეთერში ითხოვდნენ და მათ შორის აჟღერებდნენ დახურულ შეხვედრებზეც. გვაჯერებდნენ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებაო და საერთაშორისო მისიამ ეს სპეკულაციებიც ჩამოშალა.

ძალიან უხერხულია, როდესაც გქვია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი და სიცრუეზე დაფუძნებული პროტესტისკენ მოუწოდებ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის შიდა საქმეებშიც წესით არ უნდა ერეოდე. ამის შემდეგ კი, არც კი გმობს ძალადობას და ადმინისტრაციულ შენობებზე შტურმს. ყველას ახსოვს რა იკადრეს შარშან, ნოემბერ-დეკემბერში იმის გამო, რომ ვთქვით ერთადერთი რამ - საქართველოს შანტაჟს არ დაექვემდებარება. და, ჰოი, საოცრება! თვითონ შეუჩერებიათ ეს პროცესი. რეალურად კი, რეფორმებითა და ეკონომიკური ზრდის ტემპით გვაქვს ამბიციური მიზანი - 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების უმრავლესობა გვქონდეს შესრულებული. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად საქართველო იმსახურებდეს ევროკავშირის წევრობას“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×