მარიამ ვეკუა
11.11.2025

შესაძლოა სასამართლოებში მობილურების შეტანაც აიკრძალოს - „ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონითა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უფლება მისცეს, სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს ჩამოართვან ნებისმიერი მოწყობილობა, რომლებითაც შესაძლებელია ფოტო-ვიდეო გადაღება ან ხმის ჩაწერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ეს გამაოგნებელია" და საქართველოს 2012 წლამდე პერიოდში აბრუნებს.

„სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღების, ტრანსლაციის და აუდიოჩაწერის ფუნქციის მქონე ნებისმიერი ტექნიკური საშუალების შეტანა", - ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელიც 17 ივლისს მიიღეს. დოკუმენტში ასევე დაკონკრეტებულია, თუ რა იგულისხმება „ტექნიკური საშუალებებში": მობილური ტელეფონი და ნებისმიერი ისეთი მოწყობილობა, რომელსაც აქვს ჩაწერისა და გადაღების ტექნიკური შესაძლებლობა, ან „აჩენს ვარაუდს", რომ მას ეს ფუნქციები აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უკვე შეიძინა სპეციალური კარადები, რომლებსაც ასობით ინდივიდუალური სათავსო აქვს მობილური ტელეფონის ზომის ნივთების შესანახად. მსგავსი კარადები უკვე მიიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება ბოლო რამდენიმე თვეა ისედაც აკრძალულია. მობილური ტელეფონები კი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ მოწყობილობად რჩებოდა, რითი საშუალებითაც ამზადებდნენ „ლაივ-ბლოგებს" და სასამართლოს დარბაზიდან ინფორმაციას აშუქებდნენ.

სასამართლოს სხდომებზე ჟურნალისტებისათვის ვიდეო და აუდიო ჩანაწერის გაკეთების აკრძალვა წინა ხელისუფლების დროს მოქმედებდა და 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გაუქმდა, რასაც „ოცნება" თავის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევდა. თუმცა. იმავე „ოცნების" ხელისუფოლების გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ სასამართლოშ ვიდეოგადაღებები ისევ აიკრძალა.

„მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი და „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, იურისტი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ახალი აკრძალვები თავად სასსსამართლო პროცესის მონაწილე მხარეებისთვისაც საფრთხის შემცველია.

„ისეთ ვითარებაში, როდესაც პროცესის ღიაობა და საჯაროობა არის პირველი ელემენტი, რომელიც აჩვენებს რამდენად სამართლიანია სასამართლო, ახლა თურმე ტენდერი ცხადდება, რომ სასამართლოს ინფრასტრუქტურა შეიძინონ და იქ დაასაწყობონ ტელეფონები, ეს მედიას სრულად ჩამოართმევს შესაძლებლობას იმუშაოს. მათ შორის პროცესის მონაწილეებისთვისაც საფრთხის შემცველია. ეს ჩვენ გვაბრუნებს იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე", - განაცხადა ბესელიამ.

რა სურს ხელისუფლებას

კონსტიტუციონალისტი ვახტან ხმალაძეს აზრით, ხელისუფლების მიზანია საზოგადოებისთვის სასამართლოდან ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა.

„ძალიან მარტივია პასუხი. საქმე ისაა, რომ გონიერი ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ დამაჯერებელი ინფორმაციის საფუძველზე. ესე იგი, იმისათვის, რომ ამა თუ იმ საკითხზე - დაწყებული იქიდან, ხარისხიანია თუ არა საკვები, დამთავრებული იმით, არჩევნების დროს ვის მისცე ხმა - ყველა ამ გადაწყვეტილებას სჭირდება სარწმუნო ინფორმაცია. იმისათვის, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ სწორი ანალიზი და შესაბამისად, სწორი დასკვნების გამოტანა და იმისათვის, რომ ამ ადამიანების გადაწყვეტილების მიღებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლოს სახელისუფლებო პროპგანდას, საჭიროა, რომ ადამიანებს არ მივცეთ სარწმუნო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ანუ, უნდა შეიქმნას ისეთი ვითარება, როცა შეუძლებული ან ძალიან გართულებული იქნება ინფორმაციების მოპოვება.

„სწორედ ამ შეუძლებლობას და გართულებას ემსახურება ეს ცვლილებები - რომ ის, რაც სასამართლო დარბაზებში ხდება, ამის ფაქტების დადება, ფაქტების მიწოდება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გახდეს შეუძლებელი", - განაცხადა ხმალაძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ხელისუფლებას ამ გზის სურს სასამართლოს სხდომებზე არსებული ვითარების კიდევ უფრო მოწესრიგება.

„ვფიქრობ, ხელიუფლებას სურს ამ ნაბიჯით სასამრთლო სხდომებზე არსებული ვითარების მოწერიგება."

„ახლა ტელეფონებზე შესაძლებელია, მაგრამ გადაღება უნდა იყოს მის მიერ (დაშვებული), ვისაც ნებას დართავს მოსამართლე, ახლა ყველამ, ვისაც გაუხარდება, გადაიღოს?! ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, ეს დასარეგულირებელი იქნება და დისკუსიის შედეგად საზოგადოებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღწეული, რომლის მიხედვითც დემოკრატიული პრინციპები არ იქნება დარღვეული. მე ასე ვფიქრობ", - განაცხადა გვენეტაძემ.

მოსალოდნელი შედეგები

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება გვაბრუნებს არათუ 2012 წლამდე პერიოდში, არამედ ბევრად უფრო ადრეულ ეტაპებზე.

„ერთია, როდესაც იტყვის ჟურნალისტი - ასე მოხდაო და იმავდროულად დადებს ფაქტს, დადებს ვიდეო ან აუდიო ჩანაწერს და მეორეა, როცა ჟურნალისტი იტყვის - ასე მოხდაო და მაგრამ ვერ დადევს ასეთ ჩანაწერს, რადგან მას ამ ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა არ ექნება. მის ოპონენტს კი ექნება საშუალება, ჟურნალისტს დააბრალოს ტუილის თქმა.

„მარტივად გეტყოდით - მხოლოდ 2012 წლამდე პერიოდში რომ გვაბრუნებდეს, კიდევ რა გვიჭირს, ეს გვაბრუნებს 100 წლის წინადელ პერიოდში, როცა საერთოდ შეუძლებელი იყო სამართალზე საუბარი, ამ მდგომარეობისკენ მივდივართ", - განაცხადა ხმალაძემ.

ედიშერ გვენეტაქძე კი მიიჩნევს, რომ პრაქტიკაში ეს წესი ისე უნდა ამოქმედდეს, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის უფლებები:

„ეს წესები ისე უნდა ამოქმედდეს, რომ არ დაირღვეს არც მსჯავრდებულის, არც მოსამართლისუფლებები და საერთოდ, არც ადამიანის უფლებები. ვფიქრობ, რაც დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებშია, ეს გადაწყვეტილებები ისე უნდა იყოს მიღებული", - განაცხადა გვენეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×