
პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ, რომელთაგან 6 ციხეშია, ახალი საქმე აღძრა საბოტაჟზე, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე. წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერსაა ჩანიშნული. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სურს ისინი პატიმრობაში დატოვოს და შემდეგ ამ თემაზე დასავლეთს „ევაჭროს". მათ ამის მაგალითად ბელარუსი მოჰყავთ.
წელს სექტემბერში ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ სანქციებს მოუხსნიდა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანია „ბელავიას".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას ბელარუსის სცენარის განმეორება სურს და ამისთვის გამოიყენებს არა მხოლოდ ოპოზიციის ლიდერებს, არამედ ასევე აქციებზე დაპატიმრებულ ოპოზიციის აქტივისტებსაც.
„ქართული ოცნება" მანიპულირებს ამორალურად ადამიანის თავისუფლებებით, ადამიანის ჯანმრთელობით და ა.შ. მისი მთავარი ამოცანაა დღეს, რასაც აკეთებს ლუკაშენკო. გუშინ ამერიკამ ბელორუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა. პირდაპირ უთხრა ტრამპმა ლუკაშენკოს - რად გინდა ამდენი პატიმარი. მე მგონია, რომ ესენიც („ქართული ოცნება") ამზადებენ სავაჭროდ. საკმარისად ბევრი პატიმარი ჰყავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსთან".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, თუკი ხელისუფლება დასავლეთის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ამით აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს.
„თუ სავაჭროდ უნდათ, მაშინ აქამდე გაათავისუფლებდა, რამდენი ხანია მაგაზეა ლაპარაკი დასავლეთიდან. მეორეც, დასავლეთიდან მოთხოვნის ფორმულირება ასეთია, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენო, ხელისუფლება კი იძახის - მე პოლიტპატიმარი არ მყავს, ის დამნაშავეაო და თუკი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს აღიარებაა იმის, რომ მას პოლიტპატიმარი ჰყავს და რატომ უნდა წავიდეს ასეთ აღიარებაზე?
„რეალური მდგომარეობაც არ უწყობს ხელს. ყველაზე პოპულარულმა, თუ შეიძლება ითქვას, პოლიტპატიმარმა მზია ამაღლობელმა პოლიციას ხელი გაარტყა და ამიტომ აქვს მისჯილი, რაც აქვს და არა იმიტო, თუ როგორია მისი პოლიტიკური შეხედულება. პოლიტიკური შეხედულების მხრივ ამაღლობელი ისეთი ფიგურა არაა, რომ მისი დაპატიმრება ხელისუფლების ოცნება ყოფილიყო. პოლიტიკურია ის პატიმარი, რომლის პატიმრობა მისი პოლიტიკური აქტივობის ჩარჩოებში მოქცევაა, ზღუდავენ პოლიტიკურ აქტივობას.
„დღეს არ არის ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი ისეთი ძალა, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ციხე თუ არ გამოიყენა, ისე ვერაფერს გააკეთებს. მათ ციხის გარეშე ამარცხებს. პირიქით, ციხე ხელისუფლებას წამგებიან მდგომარეობაში აყენებს.
„დასავლეთის სანქციები ხელს არავის უშლის, ამის გამო დიდი გლოვა არ შეგვინიშნავს. თავმოყვარე ხელისუფლება დაშინებით არ იმოქმედებს. ანუ ევროპამ რომ დაგვაშინა სანქციებს დაგიწესებთო, ეს პრინციპი სწორი არაა, ამით იმ საქციელს ვერ მიიღებენ, რომელიც მათ უნდათ. ისედაც ვერ მიიღებდნენ და მაგით მით უმეტეს.
„რომ იყოს ნათქვამი - თქვენი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული არაა და რეალურად ეს ადამიანები პატიმრობას იმსახურებენ, ოღონდ ჩვენ ვშუამდგომლობთ ხელისუფლების მიმართ დიდი პატივისცემით და ვთხოვთ, რომ შეამსუბუქოთ, ან გაათავისუფლოთო, ხელისუფლებაზე ამ ტიპის მიმართვა უფრო იმოქმედებდა, ვიდრე ის, რომ გაათავისუფლეთ, თორემ სანქციები გექნებათ", - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ციხიდან იანვარში უნდა გამოსულიყვნენ, ახალი საქმე დააწიეს და 25 დეკემბერს დაუნიშნეს ახალ ბრალდებაზე წინასასამართლო სხდომა, აჩენს თუ არა ეს გარემოება ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მიტივირებულია, საყვარელიძემ გვითხრა:
„პოლიტიკას გააჩნია. საერთოდ, რატომ გამძაფრდა ხელისუფლების დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტებისა და ყველა იმათ მიმართ, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი? რა მოხდა ისეთი, რაც ამ 12 წლის განამავლობაში არ ხდებოდა? ეს ნაწილობრივ პასუხია დასავლეთთან ურთიერთობაზე, რადგან სადაც დასავლეთი სარგებლობს შენი ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებებით საიმისოდ, რომ პროვოცირება გაუკეთოს გადატრიალებას, ეს შეფასებულია, როგორც ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება.
„გაჩნდეს ეჭვი (პოლიტიკურად მოტივირებულობის) თუ ასეთი ეჭვები გვინდა რომ გაჩნდეს, მაგრამ გავიხსენოთ ისინი სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქმედებენ, თუ გადატრიალების. ამ ამბავში ოპოზიცია იმდენად ბრალიანი არაა, როგორც თვითონ უცხოეთი. საბჭოთა პერიოდში დისიდენტები იყვნენ, უცხოეთს ატყობინებდნენ, მაგრამ უცხოეთი თვითონ არ მოქმედებდა საბჭოთა კავშირის დამხობის მექანიზმით. ჩვენთან საქმე გვაქვს არჩევნებით მოსული ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან და ცრუ ფაქტებით ოპერირებენ, რომ „ოცნების" ხელისუფლება „ნაცმოძრაობით" შეიცვალოს.
„ვისზედაც დასავლეთი აპელირებს, რომ ისინი არ შეიძლება ისხდნენ ციხეშიო, იმათ მიმართ ხელისუფლება კიდევ უფრო მკაცრი ხდება. ანუ დათმობის ნაცვლად გამკაცრების ხაზით წავიდა. თუკი მუქარა და გადატრიალებაზე მუშაობა იქნება, კიდევ უფრო მკაცრი გავხდებიო - იძახის ხელისუფლება, რათა გადატრიალებისკენ დასავლეთიდან მიმართული ზემოქმედება შეაჩეროს.
„პროცესები გამკაცრებისკენ მიდის, რაც ცოტა ხნის წინ არ იყო. როცა პოლიციელებს ახალგაზრდები მაშხალებს ესროდნენ და ის ხალხი დაიჭირეს, მათ წინააღმდეგ ამხელა სასჯელი და ამხელა პროცესი არ წამოუწყიათ. ახლა კი მთელი ევროპა ფეხზე დადგა და ჩავთვალოთ, რომ ჯიბრში ჩაუდგნენ. მაგრამ თუ ჯიბრში არ ჩაუდგები, მაშინ ხელისუფლებამ უნდა დათმოს, ხომ? მე, მაგალითად, არ მაწყობს, რომ „ოცნებამ" დათმოს ხელისუფლება „ნაციონალების" სასარგებლოდ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.