
დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში მიმდინარე ცხარე ბრძოლების პარალელურად, უკრაინაში ახალი ცხელი წერტილი განდა. რუსული გენშტაბის ცნობით, მათი ნაწილები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში შევიდნენ და უკვე მის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. მათივე ცნობით, კუპიანსკშიც და პოკროვსკშიც უკრაინული ძალები ფაქტობრივად ალყაში ჰყავთ მოქცეული.
ორივე ეს მიმართულება დაკავშირებული რუსული სარდლობის გეგმასთან, რომ წლის ბოლომდე სრულად დაამყარონ კონტროლი დონეცკის ოლქზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, კუპიანსკის აღება რუს ჯარებს საშუალებას მისცემს, წინ წაიწიონ სლოვიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციისკენ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზის გასწვრივ და ჩრდილოეთიდან შემოუარონ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებენ.
„ეს დააჩქარებს სლოვიანსკსა და კრამატორსკზე კონტროლის დამყარებას, რომლებიც დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვანძო თავდაცვით პოზიციებს წარმოადგენს", - აღნიშნა სამინისტრომ.
ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს, გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ დაჯგუფება „დასავლეთის" ძალებმა თითქმის მთლიანად მოახდინეს კუპიანსკის ბლოკირება და მისი ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი დაიკავეს.
სექტემბრის დასაწყისში თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ქალაქის დრონით გადაღებული კადრები. მასზე ჩანდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ქალაქის ცენტრი. კადრებში ასევე ჩანდნენ ჯარისკაცები, რომლებიც რუსულ დროშებს აფრიალებდნენ.
კიევმა უარყო რუსული ინფორმაცია, რომ უკრაინული დანაყოფები ალყაში მოექცნენ კუპიანსკში და განაცხადა, რომ ქალაქზე თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ კუპიანსკში მხოლოდ 60 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა და რომ უკრაინული ძალები ტერიტორიას წმენდდნენ.
მეორეს მხრივ, ისევ ყურადღების ცენტრშია პოკროვსკი. ბოლო კვირების განმავლობაში ქალაქში გააფთრებული ქუჩის ბრძოლები მიდის. უკრაინელებმა იქ ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები გადაისროლეს, თუმცა ბრძოლის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
მოსკოვს სურს, რომ ეს ქალაქი გამოიყენოს, როგორც პლაცდარმი კიევის მიერ კონტროლირებადი დონბასის ნაწილის წინააღმდეგ, რომლის ანექსია რუსეთმა ცალმხრივად 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. შეგახსენებთ, დღეისთვის დონბასის 1/3 ისევ უკრაინა აკონტროლებს.