
ამჯერად უკვე ევროკომისიის სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გაფართოების ფორუმზე საქართველოს არ მიწვევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საკუთარი პირით კიდევ ერთხელ აღიარეს, თუ რა დეზინფორმაციული ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევრო ინტეგრაციის პროცესი.
„ეს კიდევ ერთხელ აჩენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას, დიალოგის ნაცვლად. ეს ასევე გახლავთ კიდევ ერთი ნიშანი ბრიუსელის მხრიდან, ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, როგორც ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითების მიცემა. ბრიუსელი დღეს სამწუხაროდ, ამ ღირებულებას აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ოპოზიციის პასუხისმგებლობაც.
„რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში, ვინც საერთო ჯამში ორკესტრირებას უწევს მთელ ამ პროცესს. რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომელიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფინანსებს.
მთავარი პრობლემები ჩვენ უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და მყარად დგას იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.