რეზონანსი
12.11.2025

თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებთან.

მინისტრმა თურქ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე“, - აღნიშნა გეკა გელაძემ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი C-130 ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი 11 ნოემბერს ჩამოვარდა. მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×