მარიამ ვეკუა
12.11.2025

8 გარდაცვლილი ნაპოვნია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე იმყოფება. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, თუმცა ვრცელდება ვარაუდები.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, მეტ დეტალზე ინფორმაციას თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით მოგვიანებით გაავრცელებენ.

„18 გარდაცვლილი ნაპოვნია. 2 ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირსა და კოორდინაციაზე ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. ჩვენ შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულები არიან ჩვენი თურქი კოლეგები. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და მეტ დეტალზე ინფორმაციას, თურქეთის მხარესთან ერთად შეთანხმებით, ეტაპობრივად მოგაწვდით",-აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს - პროცესში 3 ქვეყანა ერთობლივად არის ჩართული.გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, გაიზარდა სამაშველო ჯგუფების რაოდენობა.

ამასთან ერთად, ივრის ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ამ დრომდე გაშლილია თვითმფრინავის ნაწილები, რომელსაც პოლიცია, სავარაუდოდ, საგამოძიებო ნაწილში შეიტანს.

სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთმა საძიებო-სამაშველო ჯგუფი და დრონიც გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს.

შეგახსენებთ,, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

პირველადი მტკიცებულებები ავარიაზე მიუთითებს

C-130 Hercules, რომელსაც მსოფლიოს საჰაერო ძალები ფართოდ იყენებენ, ოთხძრავიანი ტურბოპროპელერიანი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელსაც მოუმზადებელი ასაფრენი ბილიკებიდან ფრენა შეუძლია.

მისი მრავალმხრივი კორპუსი ტვირთის, ჯარისა და აღჭურვილობის გადაზიდვის, საჰაერო თავდასხმის და სადაზვერვო მისიების განხორციელების საშუალებას იძლევა, რაც მას მრავალი სამხედროსთვის ტაქტიკურ საჰაერო გადამზიდავად აქცევს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, კადრები და სურათები მიუთითებს, რომ თვითმფრინავი ფრენის დროს დაიშალა და აღნიშნავენ, რომ თურქეთის C-130-ები ძველია და თვითმფრინავის საიმედოობის მიუხედავად, განახლებას საჭიროებენ.

„კადრებში ჩანს კუდის მონაკვეთი, რომელიც ფრენის დროს საწვავის ნაკადს ფრთის წვერიდან გამოყოფს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკიპაჟი შესაძლოა საწვავს საგანგებო დაშვებისთვის ასხამდა", - თქვა ჯეროდ ფილიპსმა, აშშ-ის საჰაერო ძალების C-130-ების ყოფილმა სპეციალისტმა.

FlightRadar24-მა და თურქმა თავდაცვის ანალიტიკოსებმა „როიტერსთან" განაცხადეს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი 57 წლის იყო და თურქეთის საჰაერო ძალებში 2010 წელს შევიდა.

საინტერესო დეტალია, რომ გასულ თვეს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთთან 12 C-130J თვითმფრინავის შეძენის შესახებ შეთანხმება გაამხილა. თვითმფრინავები დიდ ბრიტანეთში გაივლიან მოვლა-პატრონობას და მოდერნიზაციას, ხოლო მოგვიანებით თურქეთის სასარგებლოდ დაიწყებენ მომსახურებას.

სამშაბათს მომხდარი ინციდენტი, თურქეთის ყველაზე სისხლიანი სამხედრო ინციდენტია, 2020 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ძალებმა 33 თურქი ჯარისკაცი იდლიბში, ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, მოკლეს.

პრემიერის სამძიმარი თურქეთის პრეზიდენტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.

ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო, ამ რთულ დროს, სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.

„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

განცხადება გამოაქვეყნა პრეზიდენტმა ყაველაშვილმაც. მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ",- წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

მწუხარება გამოთქვეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, გერმანიამ, აშშ-მ, რუსეთმა და სხვებმა სამძიმარი გამოუცხადეს და თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×