რეზონანსი
14.11.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ჰერტის სკოლის“ მიერ გიორგი გახარიას დასაქმებას გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვხედავთ მსგავს ხაზს, რაც იყო სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში.

„მათ შორის NED-თან დაკავშირებული „ჰერტის სკოლა“, რომელიც NED-თანაც თანამშრომლობდა. ამ სკოლას პირდაპირ ხელფასზე აჰყავს ქართველი პოლიტიკოსი და ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის მათ შორის ეს ყველაფერი გაფორმებული. თითქოს, მან უნდა აწარმოოს კვლევა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს მის ვიზიტებს და ინტერვიუებს ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან.

პირდაპირ ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება. გასაგებია, რომ ეს ე.წ. ინტერვიუები სინამდვილეში არის სამივლინებო ხარჯები მისთვის, რომ იაროს სხვადასხვა დედაქალაქში, ბრიუსელში და ჰქონდეს პარტიული შეხვედრები ევროკომისიისა თუ სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ასე რომ, პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი პოლიტიკოსების დაქირავება იმისთვის, რომ გაატარებინონ თავისი დღის წესრიგი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში დაფინანსების დროს ყურადღებას აქცევენ დასაფინანსებელი პირის პოლიტიკურ აქტიურობას.

„როგორც წესი, შეზღუდვებია ხოლმე, როდესაც პოლიტიკოსზეა საუბარი ვინაიდან, არ მოხდეს იმ ინსტიტუციის პოლიტიზება და ამა თუ იმ პოლიტიკოსის პლატფორმასთან გაიგივება. აქაც კი საკუთარი ეთიკის სტანდარტებს გადაუხვია ამ დაწესებულებამ და პირდაპირ რადიკალი ოპოზიციონერი, ადამიანი, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი მძიმე დანაშაულებში, მათ შორის აქციის ძალადობრივად დაშლაზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლომაც იმსჯელა, პირდაპირ აჰყავთ თანამშრომლად. ეს არის კარგი მაგალითი პოლიტიკური კორუფციისა, იმისა, თუ როგორ ხდება მოქალაქეობით ქართველი პოლიტიკოსების დაქირავება, იმისთვის, რომ შემდეგ ქართულ პოლიტიკაზე ჰქონდეთ გავლენა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა, შესაძლებელია თუ არა გახარიას ექსტრადირება.

„იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი - მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლად გადაადგილდებოდა მათ შორის გერმანიაში, რა თქმა უნდა, ნაკლები იმედია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ამ შემთხვევაში ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონკრეტულად გახარიასთვის წაყენებული ბრალდებების შესახებ კი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის შესაფასებელია.

„ორივე საკითხზე გამოძიება დიდ ხანს მიდიოდა. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის, ბრალი წარდგენილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტაცია, სასამართლო იმსჯელებს, რამდენად დასტურდება მისი ბრალი.

სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა საქართველოს ხელახალი გამოძიება. გიორგი გახარიამ თავად აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით რომელიც არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი - ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ იმავე განაჩენში თქვა და შტურმის გამო სხვა ბრალდებულებიც არიან. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადგენს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, უცხოელმა პარტნიორებმა ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×