რეზონანსი
14.11.2025

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ტყიბულის სოფელ ცუცხვათში, ნეანდერტალელის 50 000 წლის წინანდელი კბილი აღმოაჩინა. ნეანდერტალელთა მიერ ამ არეალის ათვისების დრო კი, სპეციალისტების შეფასებით, 90 ათასი წლის წინანდელი პერიოდით თარიღდება. ეს უკვე მესამე კბილია, რომელიც ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. 

ნეანდერტალელთა მიერ ცეცხლის აქტიურად გამოყენების მტკიცებულებებთან ერთად, ამავე ტერიტორიაზე ადრეული შუა საუკუნეების უნიკალური სამარხიც გათხარეს, სადაც საკინძები, თავსაბურავის ფრაგმენტები, ბეჭდები და სხვა ნივთები აღმოჩნდა. კვლევები ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულებებით მიმდინარეობდა.

არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც მეცნიერებისა და სტუდენტებისგან შედგება, ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსს, 2016 წლიდან იკვლევს. ეს უკვე მესამე კბილია, რომელიც ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში აღმოჩნდა, მსგავსი აღმოჩენა მანამდე, ამავე არეალში 2018 წელსაც დაფიქსირდა. ცუცხვათის მღვიმეების შესწავლა  გეოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა პირველად მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყეს და გათხრების შედეგად, შუა პალეოლითის ქვის იარაღსა და ძვლებს მიაკვლიეს. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის პირველი კბილიც, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით, 50 000 წლით თარიღდება.

წყარო: „ინფო იმერეთი“

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×