რეზონანსი
15.11.2025

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. როგორც ჯაღმაიძემ განმარტა, წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეკლესია აშენებულიყო, პროექტიც არსებობდა, თუმცა შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც ახლა განხორციელდა, იმ პროექტითაც გათვალისწინებული არ იყო.

„ზოგადად, საპატრიარქო არ იძლევა ნებართვებს ტაძრის მშენებლობაზე, თუ არ არის გადმოცემული მიწა, თუ არ ეკუთვნის საპატრიარქოს. ამ შემთხვევაშიც წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, რაღაც პროექტიც არსებობდა, თუმცა, ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. როგორც ირკვევა, ეს შენობა-ნაგებობა, რომელიც დაინგრა, იმ არდამტკიცებულ პროექტშიც არ შედიოდა. არც საპატრიარქოში შესული პროექტი იყო დამტკიცებული, რადგან მიწა არ იყო ჩვენი, ანუ რაიმე მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ მანდ რაღაც შენობა იყო. აქამდე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, რაიმე ნაგებობის არსებობაზე, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყო საპატრიარქოსთან“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრია, არის სიცრუე.

აღნიშნულ საკითხს დღეს თბლისის მერი კახა კალაძემ გამოეხმაურა. „თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×