
შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წერილს, რომლის ადრესატებიც ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და აშშ-ია.
ოპოზიციური პარტია წერს, რომ სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა, ამიტომ ითხოვს გადამწყვეტ ნაბიჯებს პარტნიორებისგან. აქცენტი კეთდება პერსონალურ სანქციებზე, „მეგობარი აქტის“ მიღებაზე, პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერებაზე. ტექსტში ასევე საუბარია მოთხოვნაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლებად იქნან აღიარებულნი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის იბრძვის და ქვეყნის დაზიანებას ყველა საშუალებით ცდილობს, მათი მთავარი მიზანი კი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა, რისთვისაც ბრიუსელში აქტიურად მუშაობენ.
„ვერ განვითარდა რევოლუცია და ახლა ერთადერთი, რა პერსპექტივაც შეიძლება ჰქონდეს მათ გადარჩენას, არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება. ვერ დააზიანეს ეკონომიკა, ლარის კურსი, სხვადასხვა მიმართულებები, რაზედაც პატარა საქართველო დგას, ვერ ჩაკეტეს შუა დერეფანი, აქედან გამომდინარე, ახალი სტრატეგიაა საჭირო და ამ ახალი სტრატეგიის გატარებისკენ მოუწოდებს კოლექტიური ნაცმოძრაობის ეს ნაწილი ახლა, თუმცა ეს საერთო აზრია.
კიდევ ყოფნით უტიფრობა და მიმართავენ აშშ-ის ადმინისტრაციასაც, რომლის ხელმძღვანელს სულ ახლახან უწოდებდნენ რუსეთის აგენტს. ორმაგ სტანდარტზეც არ არის აქ ლაპარაკი, აქ ლაპარაკია იმ მზაკვრულ გეგმაზე, რომელიც ჰქონდათ, რომელიც ვერ შეასრულეს, მიუხედავად უშველებელი ტანისა, რომელიც ამ გეგმის შესასრულებლად დაიხარჯა და დღეს მიმართავენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ ბრიუსელს და ვაშინგტონს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.