
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა 14 ნოემბრის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე, რომლის შედეგადაც კიევში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საფრანგეთის საგარეო სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთის დარტყმები მიმართული იყო ძირითადად კიევის, მისი ენერგეტიკული ობიექტების, საცხოვრებელი ტერიტორიებისა და საავადმყოფოს წინააღმდეგ, რასაც „მრავალი მსხვერპლი და დაშავებული მოჰყვა, მათ შორის ბავშვები".
„ეს დარტყმები წარმოადგენს შემდგომ ესკალაციას",- აღნიშნეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საფრანგეთმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხსა და ხელისუფლებას, ასევე აზერბაიჯანის საელჩოს პერსონალს, რომელიც ასევე დაზიანდა დარტყმის შედეგად.
„საფრანგეთი ყველა პარტნიორთან ერთად განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთზე ზეწოლის გაზრდას ომის შეწყვეტის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 14 ნოემბერს რუსეთმა შეტევა განახორციელა უკრაინის რეგიონების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩო.