რეზონანსი
16.11.2025

უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. დეპუტატები აცხადებენ, რომ "იგლ ჰილსის" რამდენიმემილიარდიანი ინიციატივა პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და შესაბამისად - მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც მათთვის ერთგვარი საკონტროლო გასროლა იყო.

"იმის ფონზე, რომ, ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად, ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ეკონომიკა ჩამოქცეულიყო, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური სტაბილურობა. პირიქით, გვქონდა ეკონომიკური ზრდა და, ფაქტობრივად, საკონტროლო გასროლასავით იყო მათთვის 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოდის. ეს არის უპრეცედენტო და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის იმ ეფექტებზე, რომელიც ამ პროექტს ექნება დასაქმების კუთხით, ეკონომიკური ზრდის კუთხით და მათ შორის, არა მხოლოდ ამ პროექტზე დასაქმებული კომპანიებისთვის, არამედ თანმდევი ეფექტი ექნება მომსახურების სხვა სფეროებისთვის.

ამის პარალელურად, ვხედავთ "იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ დარაზმულ ანტიქართული მოძრაობის ადამიანებს, რომლებსაც აბსურდული და არაფრის მთქმელი არგუმენტები მოჰყავთ იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამხელა ინვესტიციას.

რაც მთავარია, ეს ადამიანები, წესით, თავისი ბიზნეს წარმომავლობიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უნდა ხედავდნენ ამ პროექტის ეფექტიანობას, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ისინი პირდაპირ ემტერებიან, რომ ეს უმსხვილესი პროექტი განხორციელდეს. პრინციპში, ეს ადამიანები არიან თითქმის იგივე, ვინც "ნამახვან ჰესს" და სხვა უმსხვილეს ენერგოუსაფრთხოების პროექტებს უპირისპირდებოდნენ და არა მხოლოდ. ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს აქვს დიდი ნდობა ჩვენი ხელისუფლების. ყველა სხვა პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მათ შორის, ის ყველაფერი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ, უკვე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა იყო სწორი. ეს აძლევს ამ ქვეყნის მომხრეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმის ფიქრისა და გააზრების საშუალებას, რომ ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის კეთილდღეობისკენ მიმართული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×