რეზონანსი
16.11.2025

არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული ბრალდება არის მორიგი სიცრუე - პენიტენციურ სისტემაში, 2019 წელს გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით, - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელებაა.

„პოლიტიკურად მიკერძოებული მედიასაშუალებების – „TV პირველისა“ და „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, აღვნიშნავთ, რომ ეს არის მორიგი სიცრუე. პენიტენციურ სისტემაში, 2019 წელს გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავდა ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი კვებითი მენიუები (არასრულწლოვნების, ორსული და მეძუძური ქალების, დაავადებების მიხედვით სტაციონარში მყოფი და ნაოპერაციები პირების და ა.შ.). მათვე განსაზღვრეს კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). შესაბამისად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს კვებითი მომსახურების კონტროლი და რაიმე სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მომსახურე კომპანიას ეკისრება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული სანქციები. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×