
მოქმედი აგენტის მიტოვება ჯერჯერობით არ შედის გახარიასთვის დავალების მიმცემების ინტერესში, ამიტომაც მოხდა მისი ჯამაგირზე აყვანის კონკრეტული სქემის შემუშავება, თითქოს მკვლევრის ამპლუაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ როგორია აგენტის ხვედრი.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ აგენტის ხვედრი არის ძალიან მძიმე. სანამ სჭირდებათ, ის იქნება ჯამაგირის ქვეშ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, ისევე მოისვრიან, როგორც აქამდეც არაერთგზის გაუკეთებიათ და გაუწირიათ საკუთარი აგენტურა“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მესამე დღეა, „ჰერტის სკოლა“ გახარიას საქმიანობასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისისა და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.